ცსკ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს განმარტავს
02/11/2020 17:26:47 პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) პრეს–სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა, ობიექტური გარემოებებით იყოს გამოწვეული.
"რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის, ცსკ–ის მიერ ამ ეტაპზე ხორციელდება 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემების დამუშავება. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ხორციელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. ამჟამად შეყვანილი მონაცემი მოწმდება და ზუსტდება, ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, რაც აღმოფხვრის უზუსტობებს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემი შესწორდა. შესწორების ოქმების შედგენა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე შესაძლებელია, განხორციელდეს არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მეორე დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებში.
სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან/და კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი", – განაცხადა მიქელაძემ და დასძინა, რომ "საარჩევნო ადმინისტრაციაში შესული საჩივრები კანონის შესაბამისად განიხილება და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრივი რეაგირება და გადაწყვეტილება”.


