სააკაშვილი: "საქართველოში დაბრუნება შემიძლია, თუმცა ეს ოპოზიციური ერთობის დარღვევის საფუძველი არ უნდა გახდეს"
02/11/2020 22:48:53 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საჭიროების შემთხვევაში საქართველოში დაბრუნება შეუძლია, თუმცა ეს ოპოზიციური ერთობის დარღვევის საფუძველი არ უნდა გახდეს. ამ განცხადებით სააკაშვილი სავარაუდოდ, ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერის ნიკა მელიას და „ენმ–ძალა ერთობაშიას“ პროპორციული სიის წევრი გუბაზ სანიკიძის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს, დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ პოლიტიკურ დევნილობაში ვიმყოფები - რეჟიმისა, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს თავისუფალი არჩევანის უფლება მოპარა. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელი საქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა. მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს ჩემი მოკრძალებული პიროვნება იყოს. მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია სამშობლოსთან მრავალწლიანი განშორება და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა - ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი. მე არ მივისწრაფვი რაიმე ექსკლუზიური როლისკენ, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის. ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერ ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რათა ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს. აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ, საქართველოში შემოღწევის საშუალებას ვიპოვი და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასეხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა მაშინ, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება უკვე მიღწეულია“,– წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.


