„დღეიდან ამ ადამიანის მტერი ვარ!“ – მელია სანიკიძესთან დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს
02/11/2020 23:08:22 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანის მტერი იქნება, ვინც ოპოზიციურ ერთობას საფრთხეს შეუქმნის. ამგრავად განმარტა გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა „ენმ–ძალა ერთობაშიას“ პროპორციული სიის წევრ გუბაზ სანიკიძესთან დაპირისპირება და თავი მის მტრად გამოაცხადა.
„გუშინ რუსთაველზე, საზოგადოების წინაშე გამოსვლა დედაჩემის სიტყვების ციტირებით დავიწყე – „ნიკა, ბრძოლა ბოლომდე!“ –ეს არის ქალბატონი, რომელიც მთელი ამ ექვსი წლის განმავლობაში მეწინააღმდეგებოდა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ ვყოფილიყავი. მე იქვე დავაყოლე, რომ „პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ნებისმიერი ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ის, პირველი მტერი ვიქნები, რომელიც ეცდება, ამ ერთობას, ისტორიულ პროცესს ჩრდილი მიაყენოს, მეტიც – შუღლი გააღვივოს! და დღეიდან ამ ადამიანის – გუბაზ სანიკიძის მტერი ვარ, ვინც აქ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უადგილოდ იკადრა! ხალხო, ბრძოლის ველზე, ომში ვართ! გარე მტერი ვერ დაგაკლებს იმას, რასაც შიდა გიზამს! კვირას აქცია გვაქვს, ვეძახით საზოგადოებას, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა, რომელსაც მოლოდინი აქვს, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლება გაიმარჯვებს. ახლა ჩვენ დავსხდეთ და ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, რომ არაფერი გამოვა? ეს წინასწარი განწყობა შევუქმნათ საზოგადოებას? მე აბსოლუტურად გააზრებულ ბრძოლაში ვარ. ხვალ, ზეგ...ძალიან მძიმე პროცესები გველის, რადგან ვერაგი მტერი გვყავს! „მოგებული არჩევნები წააგეთო“ – შეიარაღებული ადამიანები დარბოდნენ, უბნებს არბევდნენ და როგორც შეგვეძლო, ვიცავდით. ვინც უბნებს არბევდნენ, კალაძის ძმაკაცები, დღესაც გლდანში დარბიან. იარაღი ამეღო და მესროლა? მერე სანიკიძე იტყოდა, „მელიას თავი უნდა შეეკავებინაო!“ – ასეთი ადამიანი სახელმწიფოებრიობის მტერიცაა! საზოგადოებავ, ბოდიში, მაგრამ ეს ბრძოლა გულწრფელია! ასეთი ვარ – რასაც ვფიქრობ, ვსაუბრობ“,– განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში სანიკიძესთან დაპირისპირების შემდეგ მელიამ.


