ოპოზიცია ისევ ქუჩაშია: რისკები და სარგებელი

03-11-2020 14:04:04 პოლიტიკა ,კომენტარი

3 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახული შვიდი ოპოზიციური პარტია (ენმ, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტები“) ბოიკოტის რეჟიმში რჩება. კომენტატორებს შორის კი კვლავ დავაა გადაწყვეტილების მართებულობის თაობაზე: მიღწევადია თუ არა ბრძოლის არჩეული გზით შედეგი? განმეორებითი არჩევნები უნდა იქნას მოთხოვნილი, თუ რიგგარეშე?

ყოფილ დიპლომატს, პოლიტიკის კომენტატორ გია ჯაფარიძეს ხელისუფლების რაციონალურობის მოლოდინი არ აქვს და მმართველი გუნდში ვერც მორალურობის ნიშნებს ხედავს.

„ველოდი, რომ ყველაზე მეტ ხმას [31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში] მმართველი გუნდი მიიღებდა, მაგრამ მოულოდნელი იყო, რაც შემდეგ გააკეთა: ცდილობს, არჩევნები მოიპაროს. სიხარბემ იჩინა თავი! რაციონალური ხელისუფლება ისე არ მოიქცეოდა, როგორც მოიქცა არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და შემდეგაც. გარდა ამისა, «ოცნებას» ყველაფერი შეიძლება, დააბრალო, მორალურობის გარდა: ორი უდანაშაულო პროფესიონალი [კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა], 25 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად რომ ემსახურა სახელმწიფოს, საარჩევნო მიზნების გამოა ციხეში“,– ამბობს ჯაფარიძე და მიუხედავად ამისა, არ იზიარებს რიგ კომენტატორთა მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ორგანოში მარტოდ დარჩენა სახელისუფლებო გუნდს არა დისკომფორტს, არამედ პირიქით – კომფორტს შეუქმნის:

„წარმოუდგენელია, 2020 წელს სახელმწიფოში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ლიდერად ითვლება და აქამდე რეფორმების კუთხით პოსტ–საბჭოთა ქვეყნებს (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთს) შორის უპირობო ლიდერად ითვლებოდა, პარლამენტში სახელისუფლებო გუნდის მარტოდ დარჩენა ჯერ ქვეყნისთვის, შემდეგ თავად ხელისუფლებისთვის იყოს კომფორტული – ამას შესაძლოა, სრული მორალური დელეგიტიმაცია მოჰყვეს: გასაგებია, რომ ის ლეგიტიმურ ხელისუფლებად ჩაითვლება, მაგრამ ლეგიტიმაციას მხოლოდ სამართლებრივი განზომილება არ აქვს და მმართველი გუნდი მორალურად გაკოტრებული იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ წელიწადში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია“.

როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდებში ხელისუფლების ქმედებები ჯაფარიძეს აფიქრებინებს, რომ «ოცნება» მნიშვნელოვნად არც არაფერს შეცვლის, ამიტომ ვითარების გარდატეხაში ბევრი რამ ოპოზიციის მიერ არჩეულ სამოქმედო გზებზე იქნება დამოკიდებული. მისი აზრით, „ოპოზიციამ ახლა ყველაზე უფრო სარისკო გზა – ბოიკოტი აირჩია, ყველა სხვა გადაწყვეტილება ნაკლებად რისკიანი იქნებოდა“.

ამ შემთხვევაში ჯაფარიძე ორ მთავარ რისკ-ფაქტორს ასახელებს:

  • ოპოზიციის მარგინალიზაცია;
  • ერთობის დარღვევის საშიშროება.

„მარგინალიზაცია განსაკუთრებით სარისკო პატარა პარტიებისთვისაა. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული მცირე პარტიები – და რისკებს უფრო აქ ვხედავ: თუ ერთი ადამიანი მაინც შევა პარლამენტში, ეს ბოიკოტის დარღვევას გულისხმობს. ისიც მესმის, რომ მცირე პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მანდატიც, დაფინანსებაც, რომელიც საქართველოში კვალიფიციურ სუბიექტებს აქვთ. ამიტომ მგონია, რომ ეს ძალიან სარისკო გზაა. მაგრამ მათ გადაწყვიტეს, ამ გზით იარონ და ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს“.

ჯაფარიძე იმასაც აღნიშნავს, რომ გარე დამკვირვებლების მხრიდან პროცესების შეფასება მარტივი საქმიანობაა, პროცესის მონაწილეები კი რთული გადაწყვეტილებების წინაშე დგანან, რადგან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას უარყოფითთან ერთად, დადებითი მხარეც აქვს:

„არასწორია, უარი თქვა პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაზე – ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან სრულიად გააკოტრო, გააშიშვლო მოქმედი ხელისუფლება. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ბოიკოტსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბოიკოტი უფრო მორალური პოზიციაა, მაგრამ ხშირად პოლიტიკასა და მორალს შორის იდეალური თანხმობა არაა. ამდენად, ძალიან რთული სათქმელია, რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა უფრო რაციონალური“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები