"სადამკვირვებლო ორგანიზაციები მაწვდიან ინფორმაციას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში მათ მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა“
03/11/2020 14:09:58 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ეთიკური გარემო უზრუნველყოს.
"სადამკვირვებლო ორგანიზაციები (ISFED, GYLA, TI) მაწვდიან ინფორმაციას, რომ საჩივრების განხილვის დროს მათი დამკვირვებლების მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას აქვს ადგილი, რაც ხშირ შემთხვევაში დამაშინებელ გარემოს ქმნის. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო უზრუნველყოს!", - წერს ლომჯარია Facebook-ში პირად გვერდზე.
ცნობისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც საარჩევნო ხმები ცსკ–ის პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მის მიერ მიღებულ შედეგებში ოფიციალურთან შედარებით, 3-4%-იანი სხვაობაა. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა, მათ შორის – ოქმებს შორის დისბალანსი. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენაც მაქსიმუმ 4.1% იქნებოდა. ორგანიზაციის პოზიციის თანახმად, აუცილებელია იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კი 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას მოითხოვს.


