ჭიჭინაძე ივანიშვილისა და მელიასთვის ფულის შეგროვების ინიციატივით გამოდის
03/11/2020 14:24:33 პოლიტიკა
პოლიტიკური პარტია „ტრიბუნის“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ჭიჭინაძე გამოდის ინიციატივით, ხალხმა თანხა ერთის მხრივ, ენმ–ის წევრ ნიკა მელიას შეუგროვოს, მეორეს მხრივ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ამ მოწოდებით ის პროკურატურის მიერ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობას გამოეხმაურა.
„როგორც ვატყობთ, ამ ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფინანსური საკითხებია მნიშვნელოვანი. თავის დროზე, როდესაც ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში და „ქართუ ბანკის“ ანგარიშებს აყადაღებდნენ [შესაბამისი ორგანოები], ქართველმა ხალხმა მას ფული შეუგროვა. გამოვდივარ ინიციატივით, ნიკა მელიას და იმ პირებს, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტისას დააკავებენ, დავეხმაროთ და ეს ფინანსური ტვირთი ჩვენ ავიღოთ. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია დავიწყოთ: როგორც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანის დროს აგროვებდა ხალხი ფულს, ახლა გაშვებისთვისაც მოვაგროვოთ და იქნებ, შევუგროვოთ ის თანხა, რომელიც საკმარისი იქნება, რომ მან ეს ქვეყანა დატოვოს და ქარვასლად აღარ აქციოს“,– განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის: ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000–ლარიანი გირაო გასულ წელს შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ამ ხნის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რომელიც მელიამ 1 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდების და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესების შუამდგომლობით მიმართა.


