ანა ფოტიგა კოლეგებს რურუას მონახულებისა და ვითარების შეფასებისკენ მოუწოდებს
03/11/2020 15:30:39 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ გლდანის მე-8 საპატიმროში "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუაზე განხორციელებული თავდასხმით გაოგნებულია და პატიმრის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ამასთან, ის კოლეგებს ვითარების შეფასებისკენ მოუწოდებს.
"გიორგი რურუაზე სასტიკი თავდასხმითა და მისი ცემის ამბით უკიდურესად გაოგნებული ვარ. მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. მოვუწოდებ ჯოზეფ ბორელს [ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი] და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, ეს საკითხი დააყენონ. ევროპელმა დიპლომატებმა რურუა უნდა მოინახულონ და სიტუაცია შეაფასონ ", - წერს ფოტიგა „ტვიტერში" პირად გვერდზე.
ცნობისთვის: 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. პენიტენციურმა სამსახურმა მომხდარს "შემთხვევითი ფაქტი" უწოდა, რურუას ადვოკატმა კი - "ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ძალადობა".
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ სცნო და 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
ინფორმაციისთვის: ოპოზიციის განცხადებით, რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილიცაა, თუმცა მმართველი გუნდი შეთანხმების ამ ნაწილის არსებობას არ ადასტურებს.


