Accentnews.ge
სასამართლომ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაამკაცრა

სასამართლომ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაამკაცრა

03/11/2020 15:47:27 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას საქმეზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მან ენმ–ის ერთ–ერთ ლიდერს 70 000–ლარიანი გირაო შეუფარდა (პროკურატურა კი 100 000–ლარიან გირაოს ითხოვდა).

ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, მელიას ყველა შეზღუდვა გაუუქმდა, რომელიც გასული წლიდან ჰქონდა დაწესებული, მათ შორის – ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება. ამრიგად, ღონისძიება მხოლოდ თანხის ნაწილში გამკაცრდა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ სახელმწიფო ბრალდება გირაოსთან ერთად, საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებასაც მოითხოვდა, თუმცა უშუალოდ სხდომაზე გაირკვა, რომ იგი მხოლოდ გირაოს თანხის გაზრდის შუამდგომლობით გამოვიდა.

თავად მელია პროცესს არ ესწრებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი პროკურატურის პოზიციასთან დაკავშირებით გაკვირვება გამოხატა.

ამ ეტაპზე უცნობია, გეგმავს თუ არა პოლიტიკოსი გირაოს თანხის გადახდას, თუმცა მას ამისთვის 50–დღიანი ვადა აქვს.

ცნობისთვის: ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000–ლარიანი გირაო გასულ წელს შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ამ ხნის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რომელიც მელიამ 1 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S