ზურაბიშვილი: “ცსკ–მ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეძლო“
03/11/2020 16:00:54 პოლიტიკა
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოკვეთილი პრობლემური საკითხების, მათ შორის სადავო ოქმების, რიგი უბნების ხელახალი გადათვლის მოთხოვნის ფონზე, რამაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებზეც შესაძლოა, იქონიოს გავლენა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცსკ–მ „სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“ შეძლო.
როგორც პრეზიდენტის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზიდან ირკვევა, სალომე ზურაბიშვილი ცსკ–ის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა.
ამავე რელიზის მიხედვით, ჟვანიამ ზურაბიშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„თავის მხრივ, პრეზიდენტმა თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება, რომ მათ პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად, შეძლეს, სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის ორგანიზება გაეწიათ. შეხვედრისას ასევე აღინიშნა სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნების პირველადი დადებითი შეფასებები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე - საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია“,– ვკითხულობთ რელიზში.
ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის საარჩევნო ბარიერგადალახული რვა კვალიფიციური სუბიექტი ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ცსკ–ის თავმჯდომარის სქესისთვის ხაზგასმას, კრიტიკის ობიექტი ის არა სქესის, არამედ არჩევნების პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების გამო იყო, რომლებზეც ადექვატური პასუხების გაცემას, მათ შორის, სახალხო დამცველიც ითხოვს.


