Accentnews.ge
აქციები თბილისის შემდეგ ბათუმშიც დაიწყო

აქციები თბილისის შემდეგ ბათუმშიც დაიწყო

03/11/2020 16:24:57 პოლიტიკა, რეგიონები

აქციები თბილისის შემდეგ ბათუმშიც დაიწყო. კერძოდ, ადგილობრივი ოპოზიციური ლიდერები და მათი მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ უარს ამბობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დააყენეს.

"გუშინდელი დღე, როდესაც არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ აღიარა თამარ ჟვანია [ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე], მათ შორის – არც პრორუსულმა ოპოზიციამ, ეს იყო ნათელი მაგალითი, რომ ჟვანიას არ აქვს უფლება, არჩევნების შედეგი გამოაცხადოს! ყველა არჩევნების შემდეგ იყო საუბარი გაყალბებაზე, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ოპოზიციური პარტია, რომელიც აღიარებდა ამ შედეგებს. ბიძინა ივანიშვილმა ისე თავხედურად მოიპარა ეს არჩევნები და თვალსა და ხელს შუა ოქმები ისე გადაწერა, რომ ეს შედეგი მიიღო. მას კიდევ აქვს შანსი, უკან დაიხიოს, სანამ მოთმინების ფიალა ბოლომდე აივსება",- განაცხადა ენმ-ის ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S