„დოკუმენტირებულ დარღვევებზე რეაგირებაა საჭირო"
03/11/2020 17:54:58 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილე კეილ ბრაუნი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლაზე, პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზების ბუნდოვანებაზე პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ხარვეზებსა და დოკუმენტირებულ დარღვევებზე რეაგირებაა საჭირო", - წერს კეილ ბრაუნი Twitter-ში პირად გვერდზე.
ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც საარჩევნო ხმები ცსკ–ის პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მის მიერ მიღებულ შედეგებში ოფიციალურთან შედარებით, 3-4%-იანი სხვაობაა. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა, მათ შორის – ოქმებს შორის დისბალანსი. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენაც მაქსიმუმ 4.1% იქნებოდა. ორგანიზაციის პოზიციის თანახმად, აუცილებელია იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კი 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას მოითხოვს.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.


