Accentnews.ge
აჭარის მთავრობის სახლთან კარავი გაშალეს

აჭარის მთავრობის სახლთან კარავი გაშალეს

03/11/2020 18:15:54 პოლიტიკა, რეგიონები

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარავი გაშალეს.

როგორც განიმარტა, რამდენიმე დემონსტრანტი ღამით კარავში დარჩენას და პროტესტის გაგრძელებას გეგმავს.

მანამდე ადგილობრივი ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ უარს ამბობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დააყენეს.

ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც საარჩევნო ხმები ცსკ–ის პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მის მიერ მიღებულ შედეგებში ოფიციალურთან შედარებით, 3-4%-იანი სხვაობაა. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა, მათ შორის – ოქმებს შორის დისბალანსი. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენაც მაქსიმუმ 4.1% იქნებოდა. ორგანიზაციის პოზიციის თანახმად, აუცილებელია იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი დაფიქსირდა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კი 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას მოითხოვს.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S