არჩევნების მეორე ტური შესაძლოა, კიდევ ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართოს
03/11/2020 19:01:21 პოლიტიკა
ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება,– ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„მცხეთაში სულ ახლახანს დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა. კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. რამდენიმე წუთის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ციხეში [ქსნის] შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად, წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს იწვევს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქშიც გაიმართოს, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მანამდე არსებული მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან "ქართულმა ოცნებამ" 14-ში გაიმარჯვა, ხოლო 16–ში მეორე ტურები უნდა გამართულიყო. მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატები მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ, ვინაიდან არჩევნების შედეგებს არ სცნობენ.
ინფორმაციისთვის: სახელისუფლებო პარტიას, ცსკ–ის წინასწარი შედეგებით, მე–10 მოწვევის პარლამენტში 75 გარანტირებული მანდატი აქვს, მცხეთის შედეგებში ცვლილებების შემთხვევაში 74 მანდატი რჩება და შესაბამისად, პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ფორმირებისთვის მას +2 მანდატი სჭირდება.


