„არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან გრძელვადიანი დახმარების შედეგად მიღწეული წარმატების ისტორიაა"
04/11/2020 09:24:57 პოლიტიკა
ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი მთავარსარდლის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან გრძელვადიანი დახმარების შედეგად მიღწეული წარმატების ისტორიაა.
"მაშინ, როცა მთელი ამერიკის ყურადღება მიპყრობილია 3 ნოემბრის არჩევნებისკენ, 5 000-ზე მეტი მილის დაშორებით, სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში. მართალია, შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან არჩევნებში გაიმარჯვა "ქართული ოცნების" მმართველმა პარტიამ, მაგრამ თავად არჩევნები შეგვახსენებს, რომ საქართველო დღესაც წარმოადგენს დემოკრატიის წარმატების ისტორიას. საქართველოს წარმატება კი მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ქვეყანა წარმოადგენს რეგიონის ლიდერს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით, ასევე ერთგულ მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც, სამხედრო კონტინგენტის თვალსაზრისით, 2003 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამერიკის ყველა სამხედრო ოპერაციაში. აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობა აქტიური და ღრმაა. საქართველო ასევე არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს თავისი სამხედრო ძალების ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში. გარდა ამისა, იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის როლის გადაფასება, საქართველო არის ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რის მიღწევაა შესაძლებელი ამერიკის მდგრადი მხარდაჭერით. აშშ-მა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური რესურსები ჩადო საქართველოში და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მისი ჩართულობა გაგრძელდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სუვერენული ქართული სახელმწიფოს წარმატება დემოკრატიის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე.
31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები (პირველი არჩევნები ახლახანს გატარებული საარჩევნო სისტემის რეფორმის შემდეგ) იყო ღია, გამჭვირვალე და საყოველთაოდ აღიარებული წარმატებულად. ცსკს-ს თანახმად, არჩევნებში კენჭს იყრიდა 66 პარტია და 490 კანდიდატი, მათში მონაწილეობა მიიღო 1,97 მილიონმა ქართველმა მოქალაქემ (ამომრჩეველთა აქტივობა - 56%).
"ქართული ოცნების" პარტიის გამარჯვება პირველი შემთხვევაა ქვეყნის დემოკრატიულ ისტორიაში, როცა მმართველი პარტია მესამედ აირჩიეს. გარდა ამისა, ეს მკაფიოდ გამოხატავს ამომრჩეველთა მხარდაჭერას საქართველოსა და დასავლეთს (განსაკუთრებით ევროკავშირს, ნატო-სა და აშშ-ს) შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების მიმართ და რუსეთის იმ ძალისხმევის უარყოფას, რომელიც გამიზნულია ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ და საარჩევნო პროცესის კომპრომეტირებისკენ.
მართალია, საქართველოს პოლიტიკური დინამიკა დაძაბულია და ქვეყანა პოლარიზებულია, მაგრამ თავად პოლიტიკური პროცესი დღესაც აქტიურია. მედიაგარემო ღია და მრავალფეროვანია და თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას ქვეყანაში (და, ეჭვგარეშეა, ყველა მთავარ ოპოზიციურ პარტიას) აქვს საკუთარი მედიასაშუალება. ეს მედიასაშუალებები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობის პოზიციას და ღიად გამოთქვამენ მოსაზრებებს სხვადასხვა სატელევიზიო არხითა თუ სხვა საშუალებებით.
მართალია, არჩევნები დაემთხვა რთულ გლობალურ და რეგიონულ ფონს, მაგრამ საქართველოს მთავრობამ წარმატებით უპასუხა კორონავირუსის პანდემიას და სათანადოდ გაართვა თავი საერთაშორისო ურთიერთობებს, განსაკუთრებით - მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია თბილისის შეთავაზება მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიების გამო მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრაში შუამავლობასთან დაკავშირებით, რასაც სათანადო დაფასება მოჰყვა ვაშინგტონის მხრიდან.
როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, საქართველო არის დემოკრატიული განვითარების, ასევე აშშ-ის მხრიდან გრძელვადიანი დახმარების შედეგად მიღწეული წარმატების ისტორია. საქართველო დგას სწორ გზაზე და მისი წინსვლის გაგრძელება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს აშშ-ს, თუმცა ამისთვის აუცილებელია ჩართულობის გაგრძელება და შემდგომი განმტკიცება",– ნათქვამია ბრიდლავის სტატიაში.


