Accentnews.ge
"სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს"

"სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს"

04/11/2020 13:44:06 პოლიტიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, "სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს".

„სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები და ამტკიცებენ, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში, ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითისთვის, 22, 58, 68 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს, კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას და ბათილი ბიულეტენების ჯამს.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი - „გაყალბებული ოქმები“. ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება საჩივრების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა, შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S