Accentnews.ge
სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის დაშანტაჟებას შეუდგა?

სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის დაშანტაჟებას შეუდგა?

04/11/2020 14:40:47 პოლიტიკა, ანალიზი

ქუჩაში მიმდინარე პროტესტისა და მე–10 მოწვევის პარლამენტის მიმართ საერთო ოპოზიციური ბოიკოტის ფონზე 4 ნოემბერს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების რიტორიკაში ახალი თემა – პარტიების დაფინანსების საკითხი გაჩნდა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამ კონტექსტში საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ „თუ პარტია მანდატზე უარს ამბობს, სახელმწიფო დაფინანსებაც უნდა შეწყდეს“ (ამ მოსაზრებაში მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც დაეთანხმა). ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ გამოთქვა რწმენა, რომ „პარლამენტში სხვა პარტიებიც შევლენ“, თუმცა ამ რწმენის საფუძვლები არ დაუკონკრეტებია.

ოპოზიციამ, მის მიერ დეკლარირებული გეგმის (სახელისუფლებო პარტია პარლამენტში მარტოდ დატოვოს და ამ გზით “ქართული ოცნების“ დელიგიტიმაცია („ოცნებაშიც“ აღიარებენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი კარგი არაა) მოახდინოს; ოპოზიციური ერთობით ქუჩიდან მოახდინოს ზეწოლა და თავად შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი; პარალელურად გააგრძელოს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება) გათვალისწინებით, კობახიძის განცხადებები შანტაჟის მცდელობად აღიქვა.

„მოკლე აზროვნების ადამიანები არიან: ფინანსები რომ იყოს მთავარი, პარტიების ყიდვა არ გაუჭირდებოდათ. ივანიშვილი ჯერ–ჯერობით წამლადაც ვერ ყიდულობს რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალასაც კი და ამით ბედნიერი ვარ. დღეს საოცარი ერთიანობაა – ბიძინა ივანიშვილის ფულიც კი ქვეყნის ინტერესთან უძლური აღმოჩნდა“,– ასე უპასუხა კობახიძე–თალაკვაძეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

საარჩევნო ბარიერგადალახული პარტია „გირჩი“ (პარტიას სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი წინმსწრებად ჰქონდა ნათქვამი) თემის კომენტირებისას „ქართულ ოცნებას“ „უსინდისო ადამიანების ერთობად“ მოიხსენიებს.

„ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ამ ფულით – 3 მილიონზე მეტი ლარით [სახელმწიფო დაფინანსება, რომელსაც კვალიფიციური სუბიექტი იღებს – რედ.] ვიყიდდით „ტესლას“ ავტომანქანებს, გავათამაშებდით ამომრჩევლებისთვის და ამ გზით დავუბრუნებდით მოქალაქეებს ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას, მერე კი, როგორც აქამდე ვიყავით, კვლავ საკუთარ ამომრჩეველზე დამოკიდებულ პარტიად დავრჩებოდით, არ ჩამოვეკიდებოდით ბიუჯეტს. წარმოიდგინეთ, სხვა პარტიები როგორ მდგომარეობაში არიან: მათ ჩვენნაირი გზა არ გამოუვლიათ, ჩვენნაირი შესაძლებლობები არ აქვთ, ერთხელ უკვე ჩაატარეს არჩევნები და ამ წარუმატებლობისა [არჩევნების შედეგების – რედ.] და ფინანსების არარსებობის პირობებში საერთოდ რამისთვის როგორ უნდა მოემზადონ?! ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იმდენად სინდისგარეცხილი ადამიანების ერთობაა, საკუთარი მიზნისთვის ყველა მეთოდს გამოიყენებს! რა უნდა? - მისი ჭკუით, განადგურებული ოპოზიცია ფინანსურად მოახრჩოს? ეს არის მიზანი?!“,– «გირჩის» ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი.

„აქცენტი“ აღნიშნულ თემაზე პოლიტიკის ორ კომენტატორს ესაუბრა. ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არც ერთი მათგანი არ იზიარებს, თუმცა მმართველი გუნდის პოზიციონირებაში ერთი მუქარის ნიშნებს ხედავს, მეორე – დაბალ პოლიტიკურ კულტურას.

„გარკვეული აზრით, ეს [კობახიძის განცხადება - რედ.] მოცემულობის აღწერაა: თუ მანდატებზე უარს ამბობენ, ცხადია, პარტიებიც არ დაფინანსდება. უბრალოდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დღევანდელი ვითარების ამ ენაზე გადაყვანა უხერხულად მეჩვენება. ეს დაბალი კულტურის ნიშანია. იყო სერიოზული დარღვევები [არჩევნებზე – რედ.], რასაც მიხედვა უნდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლებამ ეს გააკეთოს“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე კი საკითხის სამართლებრივ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას:

„რეალურად, ეს არც სწორი და არც არგუმენტირებული გადაწყვეტილებაა: პარლამენტი იმ კანონით აირჩიეს, რომელიც სადღეისოდ მოქმედებს და კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს. ამდენად, თუ მასში ცვლილება შევა, მან მე–10 მოწვევის პარლამენტზე არ უნდა იმოქმედოს: არჩევნები უკვე ჩატარდა. მგონია, რომ ოპოზიცია დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ქუჩაში რჩება, მაგრამ ქუჩა და პროტესტიც პოლიტკის შემადგენელი დემოკრატიული ნაწილია. მას ვინ როგორ გამოიყენებს - მისი საქმეა. ამდენად, არგუმენტი, რომ „მოსახლეობის ფული იხარჯება“, გასაგებია, მაგრამ იმ ადამიანებისაც იხარჯება, რომლებმაც შესაძლოა, აქციებში მიიღონ მონაწილეობა“.

ძაბირაძე ამბობს, რომ თემაზე აქცენტირება თავად მმართველ გუნდს აყენებს არასახარბიელო მდგომარეობაში, რადგან განმარტების მცდელობის მიუხედავად, ის მიმდინარე მოვლენების მიღმა ვერ განიხილება და, შესაბამისად, მსგავსი განცხადება განიხილება პარტიებზე ზეწოლის მცდელობადაც:

„თუ პროცესებში პოლიტიკური აქტორია განმსაზღვრელი, ფული აზრს კარგავს. ამით ხელისუფლება ბევრს ვერაფერს მიიღებს და მსგავს თემებზე აქცენტირება მისსავე იმიჯზე მოქმედებს უარყიფითად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S