"ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვაც არ დასმულა"
04/11/2020 15:19:01 პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრი კახაბერ კუჭავას მტკიცებით, ""ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვაც არ დასმულა". ამის შესახებ მან ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კუჭავას თქმით, შეხვედრაზე "სიღრმისეულად ისაუბრეს საპარლამენტი არჩევნებთან დაკავშირებით".
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს მთავარი გზავნილი, რომელიც მათ ანგარიშს ახლავს. კერძოდ, მათ აღიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ყველა იმ ფუნდამენტური პრინციპის დაცვით, რომელიც აუცილებელია ასეთი არჩევნების ჩასატარებლად. ვისაუბრეთ არა მარტო მიღწევებზე, არამედ იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია, კიდევ უფრო დაიხვეწოს შემდეგი არჩევნებისთვის. არც დასმულა კითხვა, რამდენად ლეგიტიმური იყო არჩევნები, ან იყო თუ არა ლეგიტიმური. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, თუ რას შეიძლება, გამოეწვია ოქმებში ესა თუ ის შეცდომა. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ არც ერთი არჩევნები არც ერთ ქვეყანაში შეცდომის გარეშე არ ტარდება. რამდენად ტექნიკურია ან მოცულობითი ესა თუ ის შეცდომა - ამას უკვე გადაწყვეტს ის შედეგი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დადებს. მნიშვნელოვანია, სრული სურათი დაიდოს. თუ სადმე შეცდომაა, აუცილებლად უნდა გასწორდეს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო გზავნილები, მათ შორის - ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისგან, რომ ვთქვათ, თუ იყო დაფიქსირებული მოსყიდვის 7 ფაქტი, აქედან 5 გახლდათ ოპოზიციის მხრიდან, ხოლო 2 – „ქართული ოცნების“. არის ოქმები, სადაც „ქართული ოცნების“ მიმართ იყო შეცდომები დაშვებული. ყველაფერი ერთიან სურათად უნდა ჩამოყალიბდეს, არ შეიძლება, ხარვეზით დარჩეს ესა თუ ის საკითხი. თუ სადმე იქნება რაიმე სახის დანაშაულის ნიშანი გამოვლენილი, აუცილებელია შესაბამისი რეაგირებაც. ყველა ნახავს, რა მაღალი სტანდარტით იქნება ყველაფერი ეს წარმართული“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.


