„ნაცვალაძეს მძღოლის სტატუსის პირობებში დიდი გავლენები ჰქონდა - „ტიტუშკებს“მართავდა“
05/11/2020 08:10:18 პოლიტიკა
„ენმ–ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელ მარიკა დათუკიშვილის ინფორმაციით, პირი, რომელმაც 4 ნოემბერს ოპოზიციის დამკვირვებელზე იძალადა, მმართველ გუნდთან დაკავშირებული „ტიტუშკების“ ხელმძღვანელია.
დათუკიშვილი ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი მათ ინციდენტების დასაორგანიზებლად – ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმებისთვის იყენებს.
„მამუკა ნაცვალაძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში მძღოლად იყო გაფორმებული. მეც გახლდით კომისიის წევრი და შიდა სამზარეულოს ვიცნობ. ნაცვალაძეს მძღოლის სტატუსის პირობებში დიდი გავლენები ჰქონდა: „ტიტუშკებს“ მართავდა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავდა“,– ყვება დათუკიშვილი.
ცნობისთვის: 4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან, რომელზეც საჩივრები უნდა განხილულიყო, ოპოზიციის დამკვირვებლები გამოაძევეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ნაცვალაძემ ერთ-ერთ ახალგაზრდა დამკვირვებელს მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.


