„გირჩი“ პოლიტიკურ აქტორებს ჩიხიდან გამოსავლის გზებს სთავაზობს
05/11/2020 13:25:52 პოლიტიკა
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას პროგნოზით, "არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შესაძლოა, ორი განვითარება ჰქონდეს: რევოლუცია ან ერთპარტიული – კომუნისტური ტიპის ხელისუფლება".
როგორც ხვიჩია ამბობს, ამ კრიზისის თავიდან აცილების გზას „გირჩი“ შემდეგნაირად ხედავს:
- არჩევნების შედეგები ჩასწორდეს იმგვარად, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან”;
- ამ გზით ფორმირებულმა პარლამენტმა უნდა გამოაცხადოს რიგგარეშე არჩევნები.
„ოცნებამ“ კომუნიზმში დაგვაბრუნა. ყველა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში მოხდება, „ოცნების“ ბრალი იქნება. ჰორიზონტზე ამის გადაწყვეტის არანაირი გზა არ ჩანს, იმიტომ, რომ პარლამენტში კობახიძე-თალაკვაძე ერთმანეთს თვალებში უყურებენ. იქ არანაირი პერსპექტივა არ არის, სრული უიმედობის განცდაა. ეს ამბავი დამთავრდება ან ჩვენი შუა აზიად ქცევით, ან რევოლუციით. ჩვენ არც ერთი გვინდა, არც მეორე. ამიტომ ვთავაზობთ ყველას გამოსავალს: ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მე-2 ტურს აზრი ჰქონდეს. ვინ რჩება და ვინ არ რჩება მთავრობაში - წყდებოდეს მე–2 ტურით. ამით ჩვენ პირველი ტურის ერთგვარ რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ, მაგრამ არა სრულს. ამის მერე, როცა პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც მან უნდა იზრუნოს, არის ის, რომ ჩაატაროს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები. ამ (31 ოქტომბრის) არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება შეუძლებელია. თუ მეორე ტურს ექნება აზრი და მას წესიერად ჩავატარებთ, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ვერ იქნება ისეთი, რომ მან ერთპიროვნული მმართველობა მიიღოს. დიდი შანსია, რომ ამ პარლამენტში მივიღოთ კოალიციური მმართველობა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. ვიცით, რომ ეს გაყალბებული არჩევნებია, მიუხედავად იმისა, ვინ შევა პარლამენტში და იმისთვის, რომ ამის რეაბილიტაცია მოვახდინოთ, მალე – მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევა და დაძანულობის მუხტი დაიკლებს, ადამიანურ პირობებში უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები, რომელშიც არ იქნება ისეთი პრობლემები, როგორიც აქ [პირველ ტურში – რედ.] იყო და უნდა ვაღიაროთ მისი შედეგები. ეს გამოგვიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგების გაყალბებით ისეთი ვითარება შექმნა, რომ თუ პარტია პარლამენტში შევა, კოლეგების და მეგობრების „გადამგდები“ ხდება":
„ჩემს პარტიას „გადამგდებად“ ყოფნა არ უნდა: ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს – გრძელვადიანი. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ პარტიამ, რომელიც საპარლამენტო სკამებისთვის ვიბრძოდით, მოვიგეთ, მაგრამ საპარლამენტო სკამები „გაქრა“, ბუნებაში აღარ არსებობს, იქ ჯდომა უხერხულია! ჩვენ ახლა ამ წრეზე ვტრიალებთ და ზედმეტად ემარტივებათ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ „ოპოზიცია პარლამენტში შევა“, – ეს ამბავი ღირსების საკითხი გახდა! უნდა შეიცვალოს გარემოებები, კონსენსუსის გარეშე პარლამენტში ვერავინ შევა. თუ მართლა დავიჯერებთ, რომ მე–2 ტურში წყდება ხელისუფლების ბედი, მაშინ წავალთ ამაზე, ოღონდ ამას აზრი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს არ სცნობს და აქციებისთვის ემზადება.


