„საბჭოთა კავშირში არ დავრჩებით!“ – ქუთაისში აქცია მიმდინარეობს
05/11/2020 15:00:42 პოლიტიკა
ქუთაისში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაძაბულობაა: ადგილობრივი ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ქუთაისში საარჩევნო ხმები "მასობრივად მოიპარეს".
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები განმარტავენ, მხოლოდ ამ პარტიის დამკვირვებლებმა 21 საჩივარი დაწერეს, თუმცა ყველა მათგანი განუხილველი დარჩა და მიზეზები კომისიას არც განუმარტავს.
ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
„ხელისუფლება ძალის გამოყენებით ცდილობს, ლეგიტიმაცია მისცეს არალეგიტიმურ პროცესს, რაც არ გამოუვათ! პროტესტს პერმანენტული ხასიათი ექნება და მოსვენებას არ მივცემთ! ოლიგარქს ქვეყანას არ დავუტოვებთ და საბჭოთა კავშირში არ დავრჩებით!“,– აცხადებენ დემონსტრანტები.
ადგილზე პერიოდულად ინციდენტები ხდება. პოლიციას ერთ–ერთი აქტივისტის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ამის შესაძლებლობა დემონსტრანტებმა არ მისცეს.
ცნობისთვის: ანალოური აქციები თბილისში, ბათუმსა და წყალტუბოშიც გაიმართა.


