თბილისსა და ქუთაისში აქციები მიმდინარეობს
05/11/2020 16:19:15 პოლიტიკა
ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ქუთაისში, თბილისში – მთაწმინდაზე, ისანში და საბურთალოზე, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საარჩევნო ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
როგორც დემონსტრანტები განმატავენ, საოლქო კომისიები ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს განუხილველს ტოვებენ.
ისნის საოლქო კომისიასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად გალია და საკენკი მიიტანეს და განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მათი მოტყუების საშუალებას არ მისცემენ. დაძაბულობაა ქუთაისშიც.
დღეს აქცია გაიმართა ცსკ–ს სათაო ოფისთანაც: მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებელია, უშუალოდ გაყალბების პროცესში ჩართული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს არ სცნობს და აქციებისთვის ემზადება.


