„გირჩი“ ოპოზიციას მთავრობის "ანტივირუსული" ქმედებების გაპროტესტებასაც ურჩევს
05/11/2020 16:35:46 პოლიტიკა
პარტია „გირჩი“ ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩევს, „გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და მხარი დაუჭირონ იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას“.
ამასთან, „გირჩი“ მთავრობასაც მოუწოდებს, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად იქნეს აღქმული.
ინფორმაციისთვის: 8 ნოემბრისთვის რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციაა დაანონსებული.
"გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა. თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ეს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება! შეზღუდვები ანადგურებს ეკონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ინფექციის გავრცელებაზე ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს. ასეთი მიდგომა ადამიანს არ აძლევს შესაძლებლობას, გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება, რა - პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი. მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და შეიძლება, აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად. პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას კი ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყოვნებლივ გაუქმებასა და ქვეყნის საზღვრების გახსნას. მთავრობის მიერ შეზღუდვების არმოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში მოგიწოდებთ ყველას, 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის "ანტივირუსული" ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმეს სიტუაციამდე მიგვიყვანა", - აღნიშნულია "გირჩის" განცხადებაში.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.
4 ნოემბრიდან კი ქვეყანაში როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა; რესტორნები 22:00 საათამდე მუშაოებენ; თბილისის მასშტაბით დაიხურა საბავშვო ბაღები; ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები.


