„რომელიც მოყვებით, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ ხელშეუხებლობის გარანტიები, წახალისდებით!“
05/11/2020 17:17:52 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდებს, „აღიარონ, როგორ გაყალბდა არჩევნები", სანაცვლოდ კი მათ "ხელშეუხებლობის გარანტიებს" და "წახალისებას" ჰპირდება.
„მინდა, საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს მივმართო: თქვენ რაც გააკეთეთ, ეს მძიმე დანაშაულია. გაძლევთ გარანტიას, რომ რომელიც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ . მინდა, ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში ყველანი დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა. ბოლოს და ბოლოს, თქვენ, ყველანი ქართველები ხართ და ნამდვილად არ გვსურს არავიზე რევანში. ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმეს მიმართ რაიმე რეპრესიები განხორციელდეს, თუნდაც ეს კანონით დამსახურებული იყოს. ახლა, ვიდრე გვიან არაა, ხალხის მხარეს დადექით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ვმოქმედებთ, ვიმოქმედებთ, ვიდრე ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.
მისივე თქმით, კორონავირუსს საქართველოს მთავრობა ხალხში პანიკის დასათესად იყენებს, რათა აქციებში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ:
„კოვიდის ეპიდემია პრაქტიკულად უკონტროლო იმის გამო გახდა, რომ ივანიშვილის მთავრობის მიერ მთელი რიგი ქმედებები ხელოვნურად არ განხორციელდა. ახლა კი მას ივანიშვილი იყენებს, რათა ქვეყანა ჩაკეტოს, ხალხში პანიკა შექმნას, რათა მათ საკუთარი არჩევანის შედეგები არ დაიცვან“,– განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.
მან საზოგადოებასაც მიმართა:
„რა თქმა უნდა, კოვიდი საშიშია და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გვჭირდება პირადი ჰიგიენის დაცვა, ნიღბების გამოყენება, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში, საქართველოს გადარჩენაში და თითოეული ჩვენგანის, ოჯახის, შვილების გადარჩენის საქმეში!“.
ცნობისთვის: მმართველი გუნდის რიგმა წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ „ოპოზიციის რეალური მიზანი არა პროტესტი, არამედ კორონავირუსული ინფექციის მიზანმიმართული გავრცელებაა“.
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს უნდობლობას უცხადებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს არ სცნობს და აქციებისთვის ემზადება.


