დემონსტრანტები ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ცსკ–სთან შეიკრიბნენ
05/11/2020 20:13:55 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცსკ-ის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ არჩევნები გააყალბა და ამის გამო თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ხმების მიტაცებას არ შევეგუებით!“,– აცხადებენ დემონსტრანტები.
„ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ თუ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, „საქმე შეიძლება, რევოლუციამდე მივიდეს“:
„მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები - იმდენად მასობრივი იყო გაყალბება, რომ ამის გასწორება უკვე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, საქმე შეიძლება, რევოლუციამდე მივიდეს - თუნდაც მშვიდობიანამდე, სხვანაირს არც განვიხილავთ!“.
მანამდე აქციები გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან, სადაც საჩივრები უნდა განეხილათ. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ხმების გადათვლას და მათი დამკვირვებლების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას ითხოვდნენ.
ცნობისთვის: 31 ოქტომბერს არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და აქციებს აანონსებს.


