
საფრანგეთის ელჩი საჩივრების განხილვისას და II ტურში საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს
06/11/2020 07:48:47 საგარეო პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაფიქსირებული საჩივრების განხილვისას და მეორე ტურის გამართვისას საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ამასთან, ელჩი "აქცენტისთვის" მიცემულ კომენტარში იმედს გამოთქვამს, რომ OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების განხორციელების მიზნით ერთად მუშაობას ყველა ქართული პოლიტიკური ძალა შეძლებს.
"საფრანგეთი იზიარებს ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დასკვნებს და ევროკავშირის განცხადებას საქართველოში არჩევნების თაობაზე. პარიზი საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებას კვლავ ადასტურებს. მივიჩნევთ, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაფიქსირებული საჩივრების განხილვისას და მეორე ტურის გამართვისას საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. ვიმედოვნებთ, ყველა ქართული პოლიტიკური ძალა შეძლებს, ერთად იმუშავოს OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების განხორციელების მიზნით", – განუცხადა ელჩმა "აქცენტს".
ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.