ჟვანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრვას რვა მუხლით მოითხოვენ
06/11/2020 09:42:12 პოლიტიკა
„ლეიბორისტებმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიასა და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას საჩივრით მიმართეს და მათ წინააღმდეგ რვა მუხლით სისხლის სამართლის საქმეების აღძრვა მოითხოვეს.
პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ "ცსკ–ის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კვალიფიკაციის ჩარჩოშია და ყველამ პასუხი შესაბამისად უნდა აგოს":.
„არ დარჩენილა არც ერთი ოლქი და პრაქტიკულად არც ერთი უბანი, მასობრივ გაყალბებას რომ არ ჰქონოდა ადგილი!“,– განაცხადა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში საჩივრის შეტანის შემდეგ.
შეგახსებებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებს.
ბოლო სამი დღეა, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების სამიზნე ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიებია, სადაც დამკვირვებლების საჩივრები უნდა განიხილონ: როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები აცხადებენ, მნიშვნელოვანი საჩივრები განუხილველი რჩება და უფლებამოსილი პირები არც განმარტავენ, რატომ.
დემონსტრანტები ცსკ–ის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.


