
"ინფიცირებულთა რაოდენობას ხელოვნურად ზრდიან, რათა ხალხმა მოპარული არჩევნები არ დაიბრუნოს"
06/11/2020 12:10:24 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის მიზანია, "ხალხმა მთავრობისგან მოპარული საარჩევნო ხმები არ დაიბრუნოს".
“კორონავირუსთან ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ყველა სანიტარული ნორმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ხდება ხელოვნურად გაბერვა ციფრების, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მათგან მოპარული არჩევნები. ამიტომ ყველა ნორმის დაცვით უნდა გაგრძელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები. მათ LOCKDOWN-ით ჩვენ კი არ უნდა ჩაგვკეტონ, არამედ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ მათი უკანონო საქმიანობა”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ოპოზიცია 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
იხილეთ ასევე: პრემიერი – მინისტრებს: "აქციები კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, ახალ შეზღუდვებზე უნდა ვიფიქროთ"
ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.