„ოპოზიცია რომც გაჩერდეს, „ოცნებას“ რამდენიმე თვეში გასაქცევად ექნება საქმე“

06-11-2020 17:50:44 პოლიტიკა ,კომენტარი

პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, განურჩევლად იმისა, რა სცენარით განვითარდება მოვლენები. ის მაქსიმალურ ვადად ერთ წელიწადს ასახელებს.

ამ კონტექსტში ხუხაშვილი ხელისუფლების წინაშე არსებულ მთავარ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას:

  • პანდემიის მართვა;
  • შიმშილის რისკი.

„პოლიტიკურ კრიზისს თავი დავანებოთ და ზოგად სურათს შევეხოთ: ხელისუფლებას პანდემიის მართვის თვალსაზრისით უსერიოზულესი პრობლემები აქვს. გარდა ამისა, უსერიოზულესი სოციალური და ეკონომიკური რისკების წინაშე დგას და არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი: ფინანსთა მინისტრი ამბობს, – „ლარის ვარდნა ოპოზიციის ბრალიაო“, ჯანდაცვის „მუშკეტერები“ პანდემიას ოპოზიციას უკავშირებენ... ეს ინფანტილიზმის, სიბრიყვის, უტიფრობის ჯოჯოხეთური ნაზავია.

ამ პრობლების გადალახვას პოზიტიური დღის წერიგი და საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება, რაც არ აქვთ. ამრიგად, ოპოზიცია სულაც რომ გაჩერდეს, რამდენიმე თვეში გასაქცევად თავად [სახელისუფლებო გუნდს – რედ.] ექნებათ საქმე: სამომხმარებლო კალათა ყოველდღიურად მცირდება, შემოსავლების ინდექსაცია არ ხდება, ხალხი კიდევ უფრო ღარიბდება“,– ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილის ანალიზით, მსგავს ვითარებაში გონიერი ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე იფიქრებდა, მაგრამ სახელისუფლებო გუნდი თვითიზოლაციაშია, რითაც ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის:

„ხელიუფლებას ჭკუა ოდვავ მაინც რომ ჰქონდეს, ახლა მტრებს კი არ უნდა იჩენდეს, მოკავშირეებს უნდა ეძებდეს, რომ „ჯოხი“ მხოლოდ მათზე არ გადატყდეს, პასუხსიმგებლობა გადაანაწილოს. ნაცვლად ამისა, მათ მანევრირების შესაძლებლობა საერთოდ მოისპეს: ხან კობახიძეს [სახელისუფლებო გუნდის აღმასრულებელ მდივანს – რედ.] „ააფრიალებენ“ წითელი ნაჭერივით, ხან – „ტექნიკურ სპიკერს“ – მდინარაძეს [სახელისუფლებო გუნდის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – რედ.] და „უფითილებენ“.

ხუხაშვილის აზრით, ოპოზიცია აქციებში რესურსს ხარჯავს და ოპტიმალური ვარიანტი იქნება, შევიდეს პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ სცნობს, შექმნას საგამოძიებო კომისია და საარჩევნო დარღვევები ამ გზით გამოიძიოს.

  • გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მორიგი რეკორდული დღიური ნამატი – 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი.
  • 6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19–ის მართვაში დახმარებისთვის პენსიაზე გასულ მედიკოსებსაც მიმართა.
  • 6 ნოემბრის დილის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 4 618 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 2 438 - კოვიდ-სასტუმროში, 7 469 - ბინაზე.
  • მძიმე პაციენტთა რაოდენობა 619–ს შეადგენს. მათგან 336 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები