
"სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია"
06/11/2020 16:42:04 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს, მათ მიერ მოწყობილ აქციებს "დესტრუქციულს" უწოდებს და აცხადებს, რომ "მთავრობა ადამიანების ჯანმრთელობაზე გამავალი "წითელი ხაზების" გადაკვეთას არ დაუშვებს".
„არჩევნების წინ ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ამ ქუჩური ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით. ეს ჩვენი დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წერტილი და მთავარი გამოწვევაა. ჩვენმა მოქალაქეებმა ესეც უნდა დაინახონ, ესეც ჩვენი მოსახდელია. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის პირობებში, როდესაც ასეთი გამოწვევები დგას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის კუთხით და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ახლა ვუყურებთ ელემენტარულ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც ნათელია: რაც უფრო მეტი კრიზისია, უკეთესია ოპოზიციისთვის. რაც უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება, უკეთესია ოპოზიციისთვის. რაც უფრო მეტი პრობლემა იქნება სახელმწიფო სისტემებში, ჯარში, პოლიციაში, სამედიცინო სექტორში, უკეთესია ოპოზიციისთვის. საბოლოო ჯამში, რატომღაც დაზიანებული სახელმწიფო ინსტიტუტების ხილვა ოპოზიციის ინტერესებში შედის და ამას ეს ხალხი არც მალავს. ეს არის ჩვენთვის "წითელი ხაზი". ეს "წითელი ხაზი" არის იქ, სადაც საქმე ეხება მოქალაქის ჯანმრთელობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა-სიძლიერეს. არავის მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან, ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე, ქვეყანა დაანგრიოს. ყველას 100%-იან გარანტიას ვაძლევ, რომ ამის საშუალებას არავის მივცემთ და არც ჩვენ მოგვცემს ამის საშუალებას ამომრჩეველი, რომელმაც ასეთი ბრძენი არჩევანი გააკეთა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ხალხმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლის მანდატი მისცა და არა ქუჩის აქციების:
„არავის დაავიწყდეს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა მოქალაქემ, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში და არავის დაავიწყდეს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ამ არჩევნებში ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს პარლამენტში შესვლის (შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ეზრუნათ!) და არა ქუჩის აქციების, ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენების, ვირუსის გავრცელებისა და ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეყვანის მანდატი. მჯერა, ჩვენ ამ გამოწვევას გავუძლებთ, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით და თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან! ეს არის ჩვენი ძირითადი მოწოდება და ძირითადი მიზანი, რადგან მთავრობის ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ეკონომიკის გადარჩენა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შევზღუდოთ. ამისთვის მთავარია, დავიცვათ წესები".
ამასთან, პრემიერმა ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა:
"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეძლოს და იპოვოს გზა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას, ოპოზიციამ და მათვარობამ ერთად გამოიყვანონ ქვეყანა არსებული კრიზისიდან. ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. არ დაგვავიწყდეს ქართველი ხალხის არჩევანი – 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით - დღეს, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და, რა თქმა უნდა, შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი და ჩვენ მსგავსი საუბრებისთვის ყოველთვის ღია და მზად ვართ”.
ოპოზიცია 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
იხილეთ ასევე: პრემიერი – მინისტრებს: "აქციები კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, ახალ შეზღუდვებზე უნდა ვიფიქროთ"
ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.