კობახიძე – ოპოზიციაზე: "20 საათი აქვთ, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ"
08/11/2020 10:07:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მთავრობას გადაადგილებაზე შეზღუდვა ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად არ შემოუღია.
„მათ დღე-ღამის განმავლობაში თითქმის 20 საათი აქვთ იმისთვის, რომ რაც უნდათ, გააპროტესტონ. მათ პროტესტის შენარჩუნების რესურსი რეალურად არ აქვთ და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, – განაცხადა თემის კომენტირებისას კობახიძემ.
ცნობისთვის: 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში — თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში საღამოს 22:00 სთ–დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.
ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ გადაწყვეტილების მიზანი სწორედ მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.


