„გაგვაღატაკეს და ხმებიც მოგვპარეს!“ – რუსთაველზე მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
08/11/2020 11:23:39 პოლიტიკა
თბილისში, რუსთაველის განზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამანქანო მოძრაობა შეზღუდულია. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ დემონსტრანტები, მათ შორის – რეგიონებიდან.
„გაგვაღატაკეს, მკვლელებს არ სჯიან და ხმებიც მოგვპარეს!“,– ამგვარად განმარტავს აქციაზე ყოფნის მოტივაციას ერთ–ერთი ასაკოვანი დემონსტრანტი.
პარლამენტის შენობის წინ იმყოფება ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“. ცნობილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა პროტესტს დამოუკიდებლად განაგრძობს. აქციაზე ასევე იმყოფება „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა. ვირუსით ინფიცირების გამო ის საკუთარ საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად ვერ მონაწილეობდა.
ხაზარაძემ უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა:
„ბრძოლა უკომპრომისო იქნება, რადგან ის ხვალინდელ დღეს ეხება და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილევლად მოვიგებთ!“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აქციაზე შეკრებილი საზოგადოება იცავს მოქალაქეების უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი.
„2+2 არ უდრის 4–ს; ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და ეს უნდა დავანახოთ ყველას. დღეს ვიწყებთ მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე ბრძოლას“.
პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ ადამიანების სიმრავლე ხალხს რწმენას მისცემს და „გატეხავს ივანიშვილს [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე –რედ.], რომელსაც ჯიუტად უნდა ძალაუფლების მიტაცება“.
„თქვენს გარეშე ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ვერაფერს მიაღწევს. ამიტომ გთხოვთ, არ დაიღალოთ, არ მიატოვოთ ეს საქმე, რადგან სახლში ვართ მისასვლელები სადაც შვილებს თვალებში უნდა ჩავხედოთ და ვუთხრათ, „ან გიტოვებთ ქვეყანას, რომელზეც ვოცნებობდით, ან პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც ყველა გაიქცევა!“,– მიმართა დემონსტრანტებს ენმ–ის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ.
„ლეიბორისტმა“ შალვა ნათელაშვილმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს აქციისათვის სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდა:
„დაყარეთ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და აქციას შემოუერთდით!“
„რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა კი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს რუსთაველის გამზირიდან მიმართა: „მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვაში!“
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტრომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის მოთხოვნაა, ხელმეორედ ჩატარდეს არჩევნები.


