უგულავა: „ცსკ–დან ჟვანიას ევაკუაცია მოუხდენიათ“
08/11/2020 17:28:47 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციები მანამ გაგრძელდება, სადან საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია არ შეიცვლება.
მისივე ცნობით, კიდევ ერთი აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გაიმართება მაშინ, როდესაც მე–10 მოწვევის პარლამენტი შეკრებას გადაწყვეტს.
„როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ცსკ–დან ჟვანიას [ცსკ–ის თავმჯდომარე – რედ.] ევაკუაცია მოუხდენიათ. როგორც ჩანს, სუს–მა წინმსწრებად აცნობა.
ცსკ–სთან ჩვენი პროტესტი იქნება მტკიცე. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ეს შემადგენლობა არ შეიცვლება.
მე არ ვარ საუკეთესო ფორმაში, რომ ქალაქში 12 კილომეტრი ვიარო, მაგრამ მე სხვებთან ერთად მივდივარ და მოდის ხალხი, ეს პროტესტი უკომპრომისოა“,– განაცხადა უგულავამ.
დემონსტრანტების ნაწილი ცსკ–ს შენობასთან უკვე შეიკრიბა, ნაწილი კი შენობას უახლოვდება. ცნობილია, რომ აქცია პიკეტირებასაც გულისხმობს. ადგილზე ამ დროისთვის საპოლიციო ძალებია მობილიზებული და ვითარებაც დაძაბულია.


