შსს სპეციალური ღონისძიებების გამოყენების საჭიროებას ცსკ–ის შენობის მომიტინგეთა შეჭრისგან დაცვით ხსნის
08/11/2020 18:31:58 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მომიტიმგეთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ სპეციალური ღონისძიებების გამოყენების საჭროებას ცსკ–ის შენობის მომიტიმგეთა შეჭრისგან დაცვით ხსნის,– ამის შესახებ შსს–ს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.
დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“,– ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციამ სამი მოთხოვნა – ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება – წამოაყენა და ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20:00 საათამდე მისცა.
20:00სთ–ზე ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მომიტინგეებს მიმართა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე სახელისუფლებო გუნდის წევრები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გავიდნენ და 9 ნოემბრისთვის დიალოგი შესთავაზეს. ამის შემდეგ მელიამ დემონსტრანტებს ცსკ–ის შენობასთან გადანაცველებისკენ მოუწოდა:
"ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და "კომენდანტის საათი" დავუწესოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას: იქ ვერავინ შევა და იქიდან ვერავინ გამოვა!“.
დემონსტრანტები ცსკ–ის შენობასთან მივიდნენ. პოლიციასთან შეხლა–შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაშალეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. მოგვიანებით. შსს–მ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია. ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.


