ცსკ–სთან გაფრინდაშვილი მივიდა: "არ მინდა, რომ ჩემი თაობის შეცდომების გამოსწორება შვილებს დასჭირდეთ“
08/11/2020 18:41:14 პოლიტიკა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც შეუერთდა.
„მე ვიცავ ჩემი შვილების მომავალს, რომ მათ თანამედროვე, დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრონ; მიეცეთ თავიანთი შესაძლებლობების მაქსმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. ჩემმა თაობამ თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და არ მინდა, რომ ჩემი თაობის შეცდომების გამოსწორება ჩემს შვილებს დასჭირდეთ“,– განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი ვარაუდით, მოვლენათა განვითარება იმაზეა დამოკიდებული, „ვის რა აქვს დასაკარგი და საპოვნელი“:
„მე ჩემი შვილების მომავალი მაქვს საპოვნელი“.
ცნობისთვის: დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციამ სამი მოთხოვნა – ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება – წამოაყენა და ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20:00 საათამდე მისცა.
20:00სთ–ზე ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მომიტინგეებს მიმართა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე სახელისუფლებო გუნდის წევრები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გავიდნენ და 9 ნოემბრისთვის დიალოგი შესთავაზეს. ამის შემდეგ მელიამ დემონსტრანტებს ცსკ–ის შენობასთან გადანაცველებისკენ მოუწოდა:
"ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და "კომენდანტის საათი" დავუწესოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას: იქ ვერავინ შევა და იქიდან ვერავინ გამოვა!“.
დემონსტრანტები ცსკ–ის შენობასთან მივიდნენ. პოლიციასთან შეხლა–შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაშალეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. მოგვიანებით. შსს–მ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია. ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.


