Accentnews.ge
ომბუდსმენი – შსს–ს: „შეწყვიტეთ და არ გამოიყენოთ არაპროპორციული ძალა!"

ომბუდსმენი – შსს–ს: „შეწყვიტეთ და არ გამოიყენოთ არაპროპორციული ძალა!"

08/11/2020 18:54:27 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან მოქალაქეების დარბევის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის იმ ვითარებაში გამოყენება, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, კანონმდებლობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

როგორც ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციას ასევე არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს.

"ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შექმნილი უმწვავესი კრიზისიდან სამართლიანი და სწორი გამოსავალი იყოს ნაპოვნი. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!", - აღნიშნულია განცხადებაში.

მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებამდე ლომჯარიამ არჩევნებში მონაწილე პარტიებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით.

ცნობისთვის: დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციამ სამი მოთხოვნა – ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება – წამოაყენა და ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20:00 საათამდე მისცა.

20:00სთ–ზე ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მომიტინგეებს მიმართა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე სახელისუფლებო გუნდის წევრები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გავიდნენ და 9 ნოემბრისთვის დიალოგი შესთავაზეს. ამის შემდეგ მელიამ დემონსტრანტებს ცსკ–ის შენობასთან გადანაცველებისკენ მოუწოდა:

"ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და "კომენდანტის საათი" დავუწესოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას: იქ ვერავინ შევა და იქიდან ვერავინ გამოვა!“.

დემონსტრანტები ცსკ–ის შენობასთან მივიდნენ. პოლიციასთან შეხლა–შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაშალეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. მოგვიანებით, შსს–მ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია. ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S