„ღმერთს ვფიცავ, რაც ივანიშვილი მონსტრად იქცა, ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს მისგან არც ერთი კაპიკი არ აგვიღია“
09/11/2020 12:31:47 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „მონსტრად იქცა“, ოპოზიციის წარმომადგენლებს მისგან ფული არ აუღიათ.
„ჩვენ ანდროპოვის [საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენმდივანი – რედ.] ეპოქის ბავშვები ვართ და ვინ არის ეს ფეოდალი და მის ფულზე დამოკიდებული გარემოცვა?! ვიღაც იტყვის, „რა, თქვენ არ გიხდიდათო?“ - როგორ არა: ჩვენ, მთელს საქართველოს, სანთელივით კაცი გვეგონა! ღმერთს და სინდისს გეფიცებით, რომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ მხოლოდ ქველმოქმედება ვიცოდი, ვფიქრობდი, „ასეთი რა კაცია, საოცარი" – იყო ხომ, ეს პერიოდი? სააკაშვილის პერიოდში ლეგენდები დადიოდა, მერე იქცა მონსტრად – რადაც ახლა იქცა. ღმერთს ვფიცავ, რომ რაც ეს კაცი მონსტრია, მას შემდეგ არავის – ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს არც ერთი კაპიკი არ აგვიღია“,– განაცხადა ჩარკვიანმა "ფორმულას" ეთერში.
მისივე თქმით, 18:00 საათისთვის რუსთაველზე დაანონსებული აქცია იგივე სულისკვეთების იქნება: ოპოზიცია ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.
ცნობისთვის: პოლიციამ 8–9 ნოემბერს ცსკ–სთან გამართული აქციის დასაშლელად სპეცღონისძიებები გამოიყენა, დაშავდნენ მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები.


