
"ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ"
10/11/2020 09:27:53 საშინაო პოლიტიკა
"ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ OSCE/ODIHR–ის დამკვირვებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ოპოზიციის განცხადება, რომლის თანახმად, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩავატაროთ და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების მიმართ არასწორი საუბარია. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და "გაერთიანებული ოპოზიცია–ენმ–ის" მიერ არჩევნებში ხმათა 27%–ის აღების ფაქტს "უბედურება" უწოდა:
"სააკაშვილი რომ ყველაფერზე წამსვლელია, მაშინ დაამტკიცა, როცა 9 წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როცა არის ოპოზიციაში... სააკაშვილმა აიღო ნახევარი მილიონი ხმა. ეს არის უბედურება. ამ პოლიტიური პარტიის მიერ აღებული 27% არის უბედურება. ისევე როგორც უბედურებაა 3.8%, რომელიც აიღო „ევროპულმა საქართველომ“. მაგრამ ეს არის ამომრჩევლის განწყობა. ამომრჩევლის განწყობა რაც იყო, ეს დაფქსირდა ცსკ–ის მიერ".
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.