
გრიგოლ ვაშაძე – პოლიტიკურ პარტიებს: "სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან"
10/11/2020 09:36:24 საშინაო პოლიტიკა
"ენმ - ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდებს.
"აქცენტი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია. ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ. თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.
მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.
ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს. მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.
ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები. პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ. არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას. საქართველო უპირველეს ყოვლისა!".
ვაშაძის აღნიშნული განცხადება სააგენტო “ნიუპოსტმა“ გაავრცელა.
ჯერ კიდევ 9 ნოემბერს ენმ–ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი შეკრება ხალხმა არ უნდა დაუშვას.
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით კი მოძრაობა "სირცხვილიას" დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების შემდეგაც გაგრძელდა. მიტინგზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.