Accentnews.ge
ბურჯანაძე ვაშაძის განცხადებას ნაწილობრივ იზიარებს

ბურჯანაძე ვაშაძის განცხადებას ნაწილობრივ იზიარებს

10/11/2020 11:21:12 პოლიტიკა

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ენმ–ის თავმჯდომარის განცხადებიდან მხოლოდ რამდენიმე პუნქტს იზიარებს. კერძოდ, პარლამენტოს ყოფილი თავმჯდომარე იზიარებს ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომის აუცილებლობას; მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომის და პროცესში საერთაშორისო კომპონენტის ჩართვის საჭიროებას.

ამასთან, ბურჯანაძე ამბობს, რომ სადღეისოდ არსებულ მოცემულობაში პარლამენტში შესვლა წარმოუდგენელია.

„დარწმუნებული ვარ, ბატონი გრიგოლი ოპოზიციურ ერთობას არ უღალატებს. ის ცდილობს, პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს. მისი განცხადებიდან ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, მაგრამ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, ცუდი არ არის. ოღონდ, ჩვენი პოზიცია პრინციპული უნდა იყოს – ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომას“,– განაცხადა ბურჯანაძემ თემის კომენტირებისას.

მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა გრძელდება და საპარლამენტო ტრიბუნებთან ოპოზიცია მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის შემდეგ გადაინაცვლებს:

„ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა გამორიცხულად მიმაჩნია, რადგან ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა ფულის, ქურდული სამყაროს, აბსოლუტურტად უკანონო მეთოდების გამოყენებით ჩაატარა. ვერ წარმომიდგენია, როგორ დააძალებენ საერთაშორისო პარტნიორები პარლამენტში შესვლას პარტიებს, როდესაც ჩემი წარმომადგენელი მიყვებოდა, როგორ ატარებდა არჩევნებს „ქურდული სამყარო“. მაშინ გავარკვიოთ – თუ გვინდა, რომ „ქურდულმა სამყარომ“ ჩაგვიტყაროს არჩევნები, – ჩაგვიტაროს, თუ გვინდა, რომ სამართლიანი და დემოკრატიული იყოს, – ასეთი ჩავატაროთ. ქურდული სამყაროც ისე იქცევა, ვერ გაიგებ, ქურდია, პოლიციაა...ამ ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“.

მისი თქმით, 14 ნოემბრისთვის დაანონსებული საპროტესტო აქცია ჩატარდება:

„ყველაფერი წინ არის: თუ მოსახლეობა თავის პოზიციაზე ისევე მყარად იქნება, როგორც არის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ეს ერთობა ოპოზიციაში აუცილებლად შენარჩუნდება, ჩვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა – სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს. მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.

ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები. პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ. არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას. საქართველო უპირველეს ყოვლისა!",– ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში

ამ ეტაპზე უცნობია, აღნიშნული პოზიცია პერსონალურად გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის თუ პარტიას.

ჯერ კიდევ 9 ნოემბერს პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მე–10 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი შეკრება ხალხმა არ უნდა დაუშვას.

ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქციები 8–9 ნოემბერს გაიმართა. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.

9 ნოემბერს ოპოზიციამ დემონსტრანტებს სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც აქციებს გულისხმობს.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან დიალოგის მზაობას გამოთქვამს რამდენიმე პირობით: მოლაპარაკებები ყველა პარტიის ჩართულობით გაიმართება და მოლაპარაკებების მთავარი თემა ვადამდელი არჩევნები იქნება.

თავის მხრივ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წინაპირობა ცსკ–ის შედეგების პატივისცემა იქნება.

ამავე გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის სწორ გზაზე დაყენების მიმართულებით მუშაობს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S