Accentnews.ge
უდუმაშვილი: "პარლამეტში შესვლას არავინ გეგმავს"

უდუმაშვილი: "პარლამეტში შესვლას არავინ გეგმავს"

10/11/2020 12:12:42 პოლიტიკა

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან. მათ შორისაა ენმ–ის წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი, რომელსაც მისი პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადების კომენტირება მოუწია.

როგორც უდუმაშვილი ამბობს, პარტიის პოზიციაა, რომ ქუჩის პროტესტი გაგრძელდება და პარლამენტში შესვლას არავინ გეგმავს.

„გრიგილ ვაშაძემ განმარტებითი განცხადება თავად გააკეთა. მთავარია, რომ ქუჩის პროტესტი არ წყდება –ესაა როგორც გრიგოლ ვაშაძის, ისე პარტიის პოზიცია. პარლამეტში შესვლას არავინ გეგმავს, ვიდრე ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ანუ არ აღდგება 31 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენი ამომრჩლის მიერ გამოხატული ნება. ეს ბრძოლა გაგრძელდება. ყველაფრი ოპოზიციის მიერ დაგეგმილი გეგმის მიხედვითაა“,– განაცხადა უდუმაშვილმა.

„ლელოს“ ოფისში ასევე მივიდა „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციონერი ლიდერები პერიოდულად იკრიბებიან, თუმცა ამჯერად თავყრილობის მიზეზი ვაშაძის განცხადებაცაა.

ჩარკვიანი ამბობს, რომ „მეგობარ ვაშაძეს“ არ ეთანხმება:

„ბატონი გრიგოლი დიპლომატია და ვფიქრობ, როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა და ამიტომ გააკეთა ასეთი განცხადება. ვფიქრობ, ეს გამოსავალი არაა. განა ოპოზიცია არასამართლებრივად საუბრობს? პროკურატურას სარჩელით რომ მივმართეთ, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლერბივი გზით ვაპირებთ საუბარს? მაგრამ ერთია სამართლებრივი დიალოგი და მეორეა, არასამართლებრივ მოქმედებაში შეჰყვე ხელისუფლებას. ასე არ უნდა მოვიქცეთ“.

როგორც ცნობილია, „ლელოს“ ოფისში თავმოყრილ საზოგადოებას ოთხი პარტიის მორიგ შეთანხმებას გააცნობენ, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს: გაგრძელდეს აქციები; საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დაიწყოს დიალოგი მხოლოდ ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემაზე; ბოიკოტი მეორე ტურებში მონაწილეობასა და მე–10 მოწვევის პარლამენტს.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა – სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს. მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.

ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები. პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ. არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას. საქართველო უპირველეს ყოვლისა!",– ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში.

მოგვიანებით ვაშაძემ საკუთარი განცხადება განმარტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S