
რუსეთმა აფხაზური აიბღა საბოლოოდ მიიერთა?
10/11/2020 14:06:36 კონფლიქტები
მდინარე ფსოუზე, აფხაზურ დაბა აიბღასა და რუსულ ადლერის რაიონს (კრასნოდარის მხარე) შორის საფეხმავლო ხიდის მშენებლობა სოხუმში “აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად” აღიქვეს. გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის ლიდერები დე ფაქტო ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ, “პარლამენტში” კი საკითხს დე ფაქტო საგარეო უწყებისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებთან განიხილავენ.
საგულისხმოა, რომ ხიდის აგების შესახებ აფხაზურმა საზოგადოებამ რუსული მედიიდან შეიტყო. «Кубанские новости»-ს (”ყუბანის სიახლეეების”) პუბლიკაციის ავტორი საზეიმოდ ამცნობდა მკითხველს, რომ “სოჭში აგებულმა ახალმა საფეხმავლო ხიდმა ნიჟნეშილოვის სასოფლო ოლქის სოციალური ინფრასტრუქტურის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები სოჭის ერთ-ერთ ყველაზე მოშორებულ დასახლებულ პუნქტს დააკავშირა” და რომ დაკიდებული გადასასვლელი სულ ერთ თვეში ააგეს: ფსოუს ორივე ნაპირზე მბჯენები გაამაგრეს, მათ შორის რკინის ტროსები გააბეს და მათზე ფიცრის საფარი დააგეს. იქვე განმარტებული იყო მიზეზი: «ადგილობრივთა განცხადებით, სანდო ხიდი აქ თითქმის 20 წელია, არ ყოფილა და მაღაზიაში ან ფოსტაში მოსახვედრად მათ ერთი მიმართულებით 25 კმ-ის გავლა უწევდათ, ახლა კი ეს მანძილი 4 კმ-მდეა შემცირებულიო”.
პუბლიკაციაში ნახსენები “სოჭის ერთ-ერთი ყველაზე მოშორებული დასახლებული პუნქტი” მაღალმთიანი დაბა აიბღაა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ყველაფერი, რაც აიბღას უკავშირდება, აფხაზურ საზოგადოებაში ძალზე მწვავედ – “რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად” აღიქმება. გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის ოთხმა ლიდერმა (ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” თავმჯდომარემ თემურ გულიამ, პარტია “სახალხო ერთობის ფორუმის” ლიდერმა ასლან ბარციცმა, პარტია “აფსნის” თავმჯდომარემ ვიტალი გაბნიამ და “აფხაზეთის სახალხო მოძრაობის” ხელმძღვანელმა ადგურ არძინბამ) ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც დე ფაქტო მთავრობას, აფხაზურ სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს მიმართა კითხვით, “რამდენად სამართლებრივია ამ ხიდის აგება და როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო?”.
როგორც განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი – თემურ გულია განმარტავს , “აფხაზეთის რესპუბლიკასა და მოკავშირე სახელმწიფოს - რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე, რომელიც მდინარე ფსოუზე გადის, ნებისმიერი სამშენებლო თუ სამონტაჟო სამუშაოები ორ ქვეყანას შორის ოფიციალურად – მთავრობების დონეზე უნდა იყოს შეთანხმებული, ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, რადგან აფხაზურ მხარესთან ოფიციალური შეთანხმების გარეშე აიგო ხიდი, რომელიც იქ არანაირი პარამეტრებით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების არანაირი სტანდარტებით არ უნდა იყოს”. ამასთან, როგორც გულია აღნიშნავს, ახალი ხიდის მშენებლობის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა: “საუბარია ადლერის რაიონში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეების სულ რამდენიმე ოჯახზე. სააგარაკე ტიპის 17-იოდე სახლზე, სადაც მოსახლეები მეცხოველეობას, მეფუტკრეობას ეწევიან, სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოჰყავთ, მერე კი ჩაწერის ადგილზე – რუსეთში ბრუნდებიან. აფხაზეთის გაგრის რაიონის იურისდიქცია აქ არ არის, რადგან არ ჰყავთ სოფლის თავკაცი, უბნის მილიციონერი და ა.შ. გარდა ამისა, ფსოუზე უკვე არსებობდა ბეტონის ხიდი, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, უბრალოდ ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს აფხაზური სასაზღვრო სამსახურის საგუშაგოს გავლა უწევდათ, იქ უმოწმებდნენ საბუთებს და ყოველგვარი პრობლემების, ყოველგვარი საბაჟო შემოწმების გარეშე ატარებდნენ სახლებისკენ”.
ოპოზიციის აზრით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მოლაპარაკებათა ინიცირება უნდა მოახდინოს დაბა აიბღას მაცხოვრებლების სტატუსის განსასაზღვრად. «ამ ადგილზე სახელმწიფო საზღვარი, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს დემარკირებული. უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას და სოფლის მაცხოვრებლების სტატუსი განვსაზღვროთ. ტერიტორია ცალსახად აფხაზეთს ეკუთვნის – ეს არც კი განიხილება! ნებისმიერი, ვინც იქ ჩავა, შეუიარაღებელი თვალით დაინახავს, რომ იგი აფხაზეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარეობს. ერთადერთი, რაც მაღელვებს – იქაური მაცხოვრებლების სტატუსია და ეს თემა სასწრაფო განხილვას მოითხოვს» - ამბობს გულია.
ამ დღეებში აფხაზურ “პარლამენტში” ხსენებულ თემაზე დე ფაქტო საგარეო უწყებისა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით სხდომაც გაიმართა. თუმცა ვინაიდან იგი დახურული იყო, დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.
უნდა აღინიშნოს, რომ აიბღას საკითხი ადრეც არაერთგზის დამდგარა დღის წესრიგში. ბოლოს ეს მიმდინარე წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც ისევ და ისევ რუსული მედიის წყალობით ჯერ – ოფიციალურმა თბილისმა (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთის მონაკვეთის დელიმიტაციის პროცესი არ განხორციელდება ოკუპაციის პირობებში), ხოლო ქართული მხარის მიერ საპროტესტო განცხადების გავრცელების შემდეგ აფხაზურმა საზოგადოებამაც შეიტყო, რომ ეს დაბა უკვე რუსულ სახელმწიფო კადასტრში იყო შეტანილი. აგვისტოს ბოლოს აიბღაში აფხაზური “პარლამენტის” დეპუტატთა ჯგუფი იყო ასული , თუმცა შემდეგ, წინა შემთხვევების მსგავსად, საკითხი დროებით კვლავ ჩაიფარცხა: დე ფაქტო საზღვრის ეს მონაკვეთი კვლავ არადემარკირებული რჩებოდა, საგარეო საქმეთა “მინისტრი” დაურ კოვე ირწმუნებოდა, რომ აიბღას რუსეთისთვის მიკუთვნებაზე საუბრებს არანაირი რეალური საფუძველი არ ჰქონდა (“[…] დასახლებული პუნქტი აიბღა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც მდებარეობს და თუ ის რუსული კარტოგრაფიის ჩამონათვალში შეიტანეს, გასაკვირი არაფერია, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული აიბღა კი ჩვენია და ჩვენი – აფხაზეთის იურისდიქციის ქვეშააო”), - და აფხაზურმა საზოგადოებამაც ეს ამბავი “ტრადიციულ ქართულ სადეზინფორმაციო პროპაგანდად” მიიჩნია. თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და აიბღას თემა კვლავ დღის წესრიგშია, ამჯერად – ხიდის კონტექსტში.
არადა, აიბღა ხომ მხოლოდ წვეთია აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთის იმ ბევრად უფრო მასშტაბური მიზნების ზღვაში, რომლებსაც “აქცენტი” მკითხველს ბოლო პერიოდის პუბლიკაციებით აქტიურად აცნობდა, ზოგიერთი ჩვენი აფხაზი კოლეგა კი, ისევე, როგორც სხვადასხვა, მათ შორის წმინდა მერკანტილური მიზეზებით კრემლის გავლენას დაქვემდებარებული აფხაზი მოღვაწეები (უმთავრესად – წინა, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლების რევანშისტულად განწყობილი წარმომადგენლები) “ქართულ სადეზინფორმაციო პროპაგანდად” ნათლავდნენ. ახლა, როცა მოსკოვი სოხუმის მიმართ უკვე ღია მოქმედებაზე – ფაქტობრივად, აფხაზეთის ანექსიაზე გადავიდა და ყველა მისი მიზანი მათ თვალწინ ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა რეალობად, განგაშის ზარს ამ “ურწმუნოებმაც” შემოჰკრეს (იმედია, არა მეტისმეტად გვიან!). მაგრამ პირადი მერკანტიკული ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი რეალურად, მხოლოდ ხელს უწყობენ მოსკოვს მიზნების მიღწევაში, რომელთაგან ერთ-ერთი ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების ყოველმხრივი დისკრედიტაცია-მარგინალიზაციაა: მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანიას გუნდმა “გაბედა” და მოსკოვის გარდა, თბილისთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზეც დაიწყო საუბარი, კრემლი უკვე რამდენიმე თვეა, ყველაფერს აკეთებს (ტურსეზონის წინ დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვა და პარალელურად დაფინანსების შეწყვეტა, პანდემიის ფონზე სამედიცინო ბლოკადა, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სამედიცინო დახმარების ბლოკირება, აფხაზ პენსიონერთა იძულება, მწვავე ეპიდვითარების დროს კუთვნილი თანხების მისაღებად გრძელ რიგებში იდგნენ, პრეზიდენტ პუტინის ამასწინანდელი უარი, შექმნილი კრიზისის ფონზე მოსკოვში უკვე მერამდენედ ჩასულ დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას შეჰხვედროდა და ა.შ.) მისივე ქმედებების შედეგად ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩენილ აფხაზეთის მოსახლეობაში დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გასაღვივებლად და ამ საქმეში აქტიურად იყენებს როგორც ხაჯიმბას “ხელისუფლების” ყოფილ ჩინოსნებსა და მხარდამჭერ პოლიტიკურ ორგანიზაციებს (მაგალითად, ე.წ. ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას”), ასევე მედიის წარმომადგენლებს.
ეს უკანასკნელები აიბღას თემას მოსკოვის უფრო ფართო მრავალწლიანი მიზნის – რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში მიწისა და სხვა უძრავი ქონების მიყიდვის მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმების კონტექსტში განიხილავენ (უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში – სრულიად სამართლიანად), თუმცა აქცენტი არა “სტრატეგიული მეგობრისა და მოკავშირის” – რუსეთის მზაკვრულ ქმედებებზე, არამედ ბჟანიას “ხელისუფლების” წარმომადგენლების “მერკანტილურ ინტერესებზე” და “რუსეთთან გადაუჭრელი პრობლემებისგან დივიდენდების მიღების მცდელობაზე” გადააქვთ. არადა, თავადაც აღნიშნავენ, რომ რუსეთი აფხაზეთში უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისების დაშვების მიღწევას ლამის “დამოუკიდებლობის” აღიარების დროიდან – ანუ უკვე 12 წელია, მოითხოვს და რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც აფხაზეთს ახლა ერთბაშად დაატყდა თავს, ბოლო 27 წლის განმავლობაში უნდა გადაჭრილიყო, მაშინ, როცა ბჟანიას ხელისუფლება სულ რამდენიმე თვის მოსულია!
“ჩვენმა პარლამენტმა ამ დღეებში დახურული სხომა გამართა. საბაბად კრასნოდარის მხარის მმართველთა მიერ რუსეთ-აფხაზეთის სადემარკაციო კომისიასთან შეუთანხმებლად აფხაზურ მაღალმთიან სოფელ აიბღაში ხიდის მშენებლობა იქცა. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა პანდორას იმ ყუთიდან, რომელსაც აფხაზეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ახადა თავი – ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირადი ბიზნესის გაგრძელებად მიიჩნევს” – ვკითხულობთ ერთ-ერთ ასეთ პუბლიკაციაში.
იყო თუ არა განხილული “პარლამენტის” ხსენებულ დახურულ სხდომაზე მოსკოვიდან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში – ანუ ჯერ კიდევ რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდში მიღებული 46-პუნქტიანი დოკუმენტი “რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ” – უცნობია. მისი შინაარსი აფხაზურმა საზოგადოებამ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სრულად ამ დრომდე არ იცის. არათუ საზოგადოებამ – “აქცენტის” ინფორმაციით, წინა კვირის მდგომარეობით, სრული სახით დოკუმენტი აფხაზ “პარლამენტართა” უდიდეს ნაწილსაც არ ჰქონდა ნანახი. თუმცა ამ რუსული გეგმის ის რამდენიმე პუნქტიც კი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში არაოფიციალურად გაჟონა, მყარ საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ კრემლი სიტყვიდან საქმეზე გადადის და აფხაზეთის პრაქტიკულ ანექსიას იწყებს.
ეკატერინე ცანავა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება