
„განვიხილავთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში"
10/11/2020 18:54:43 საგარეო პოლიტიკა
სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას,- ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ვიზიტს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ისე - ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში",- აცხადებს გიორგი გახარია.
10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა.