
"ქვეყნებში, რომელთაც ჩემი ტურნე მოიცავს, ბევრი საკითხით დატვირთული სხვადასხვა დღის წესრიგი მექნება"
11/11/2020 06:39:23 საგარეო პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, იგი 13–დან 23 ნოემბრამდე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას ეწვევა და თითოეულ მათგანში ვიზიტისას არაერთ საკითხს განიხილავს.
"მიმდინარე კვირას, პარასკევს კვლავ მივემგზავრები ტურნეში. ამჯერად საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს ვეწვევი. ამ სახელმწიფოებში ბევრი საკითხით დატვირთული სხვადასხვა დღის წესრიგი მექნება", – განაცხადა პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოვა. მისი ვიზიტი ორდღიანი იქნება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში პომპეო შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ამასთან, იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც შეხვდება.