
"სადღეისოდ ხალხმრავალი თავყრილობების გამართვას არავითარი გამართლება არ აქვს"
11/11/2020 15:31:46 საგარეო პოლიტიკა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ "სადღეისოდ ხალხმრავალი თავყრილობების გამართვას არავითარი გამართლება არ აქვს".
"ლოკდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერების პირობებში ორი გზა არსებობს: ერთი, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ყველამ მკაცრად შევასრულოთ გაწერილი რეგულაციები, რაც გულისხმობს პირბადეების აუცილებელ ტარებას (როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში), სოციალური დისტანციის დაცვას, ხელების ჰიგიენასა და ხალხმრავალი ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებას. თუ რომელიმე გარკვეული სპეციფიკის გამო, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესები მაქვს მხედველობაში, ვერ ხერხდება, სასურველია, მოხერხდეს. დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთდებოდეს კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.