
ოპოზიციისა და "ოცნების" რიგი წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ იციან, რომელ ჩაშლილ დიალოგზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე
11/11/2020 20:07:16 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ იციან, რომელ ჩაშლილ დიალოგზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.
საუბარია ვაშაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, "საელჩოების წარმომადგენლების მხრიდან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თითქმის მომზადებული დიალოგის ბოლო მომენტში ჩაიშალა".
"მე ამის შესახებ [დიალოგის ჩაშლის] საქმის კურსში არ ვარ. ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი რამ იყო დაგეგმილი და ოპოზიციურმა პარტიებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ", – აცხადებს "ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
იგივე განაცხადეს “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიამ და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
“არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვარ დიალოგის მოლოდინში. ალბათ, გვექნება კომუნიკაციის საშუალება, რომ გავიგოთ, რაზეა საუბარი. მაქვს მოლოდინი, რომ დიალოგი შედგება", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დიალოგის ჩაშლის შესახებ არაფერი სმენია “ქართული ოცნების” წევრ შალვა პაპუაშვილსაც:
“მე ვერ მივხვდი, ჩაშლაში რას გულისხმობდა. ვფიქრობ, ჯერ არაფერი ჩაშლილი არ არის და არ არის დაკარგული შანსი, რომ ეს დიალოგი შედგეს. ჩვენც ვართ კონსულტაციაში ჩვენს პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, ეს დიალოგი შედგება”.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს ენმ–ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად". მოგვიანებით, კი მისი მოწოდება განმარტა.