პომპეოს ვიზიტისას ქართული ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს
12/11/2020 09:38:11 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს მესიჯით - “არჩევნები გაყალბდა!”.
როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, ეს იქნება განსხვავებული ფორმატის აქცია - არ იქნება პოლიტიკური განცხადებები.
"17- 18 ნოემბერს აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას ვგეგმავთ: ეს ერთი მხრივ, იქნება ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ, ამავდროულად, იქნება საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი. აქ ლოკაცია და ფორმატი მთლიანად განსხვავებული იქნება – აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ არანაირად შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან; სოციალური დისტანცია დაცული იქნება და მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა, სტიკერი დააწებონ, დადგნენ და თქვან – „გაყალბებულია!“ [არჩევნები –რედ].ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ იქნება, მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა", - თქვა უგულავამ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.


