«შექმნილ ვითარებაში საქართველომ მის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსება უნდა მოითხოვოს»

12-11-2020 15:25:25 ანალიზი

სანამ ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური არითმეტიკის საფუძვლების რკვევით იყო დაკავებული, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გვამცნო, "კავკასიაში ახალი ერა იწყებაო“, და ერევანსა და ბაქოს ომის დასრულება მიულოცა. თუმცა სომხეთში იმ დროს საზეიმო განწყობა სულაც არ იყო: ომის დასრულებაზე ქვეყნის პრემიერ ნიოლ ფაშინიანის თანხმობით აღშფოთებული მოქალაქეები სამთავრობო შენობებს არბევდნენ, პარლამენტის თავმჯდომარეს ცემდნენ, მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ... მაინც რას ულოცავდა საქართველოს პრეზიდენტი ომში დამარცხებულ და ქაოსში შესულ ერევანს? ან რისთვის ემადლიერებოდა „მედიატორ“ რუსეთს თავადაც მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის მთავარსარდალი? რა ახალი სტატუს–კვო გაჩნდა რეგიონში და გვაქვს თუ არა რეალურად საქმე მისალოცად ან მოსალოცად? – ამ საკითხებზე „აქცენტი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელს, ისტორიკოს ბექა კობახიძეს ესაუბრა.

ახალი სტატუს–კვო: პოლიტიკურ–ეკონომიკური შედეგები - ბექა კობახიძის ხედვით:

  • რუსული წარმომადგენლობა ჩნდება სამხრეთ კავკასიის იმ ერთადერთ ქვეყანაშიც (აზერბაიჯანში), რომელშიც რუსეთის ბაზა ამ დრომდე არ ყოფილა. შესაბამისად, კავკასიაში რუსული წარმოდგენილობა იზრდება;
  • აზერბაიჯანის შემთხვევაში რუსეთის გავლენა რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება: შესაძლოა, ენერგომატარებლებმა ირანისა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ სვლა საქართველოს გვერდის ავლით დაიწყოს, რაზეც მინიშნებაც იყო ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებამდე, მათ შორის - აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პრეს-კონფერენციაზე; აზერბაიჯანმა იგრძნო რუსეთთან მეტ–ნაკლებად სამოკავშირეო ურთიერთობების გემო;
  • სამხრეთ კავკასიისადმი ისედაც საკმაოდ მერყევი დასავლეთის რეგიონში შემოღწევა შეიზღუდება;
  • სომხეთის თავისუფალი მოქმედების არეალი კიდევ უფრო იზღუდება. მათ შორის, მოსალოდნელია გაერო–ში სომხეთის პოზიციის ცვლილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციასთან მიმართებაში (ბოლო ორი წლის განმავლობაში ერევანს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, წინა წლებში კი ქართული რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას);
  • პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩნდა მკაფიო მესიჯი, რომ წარმატებას აღწევს არა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთისკენ ისწრაფვის, არამედ ავტორიტარული რეჟიმი. ამ შემთხვევაში ალიევის გამარჯვება სიგნალია საქართველოსთვის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, რომ წარმატების გზა რუსეთთან კარგ ურთიერთობაზე გადის – რუსეთს არ მოსწონს დემოკრატიული რევოლუციები და ხელისუფლებები.

რაც შეეხება საკითხის ეკონომიკურ მხარეს, კობახიძე არ თვლის, რომ საქართველო სატრანზიტო ლიდერის ფუნქციას კარგავს:

„შეთანხმების [სამმხრივი განცხადების] მე–9 პუნქტის თანახმად, აზერბაიჯანის დანარჩენი ტერიტორიიდან დერეფანი უნდა გავიდეს სომხეთის სამხრეთ ნაწილზე, რომელიც ირანს ესაზღვრება, შემდეგ - ნახჭევანზე და თურქეთზე. ნავთობი, გაზი, რკინიგზა ამ დერეფნით ვერ გაივლის: უნდა გვესმოდეს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შეწყვეტით კონფლიქტი არ დარეგულირებულა, ხოლო ნავთობსადენს მოკლევადიანი პერსპექტივისთვის არავინ აშენებს: აზერბაიჯანი საკუთარ ენერგომატარებლებსა და რკინიგზას სომხეთს მძევლად ხელში არ ჩაუგდებს – შესაძლოა, ვითარება ნებისმიერ დროს გამწვავდეს და სომხეთს ექნება ბერკეტი, აზერბაიჯანის ეკონომიკა სერიოზულად დააზარალოს. ამრიგად, ენერგომატარებლები და რკინიგზა კვლავინდებურად საქართველოზე გაივლის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახჭევანსა და თურქეთს შორის მხოლოდ 8 კმ–იანი საზღვარია და ამ მოკლე პერიმეტრში ყველა ეს სტრატეგიული ობიექტი ვერ ჩაეტევა. სავარაუდოდ, ამ დერეფანს საავტომობილო ტვირთებისთვის გამოიყენებენ, მათ შორის – ტვირთებისთვის, რომლებიც სადღეიოსდ საქართველოზე გადის. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტექნიკურად მარტივი იქნება: გზა ამორტიზებულია, მის შეკეთებას ორმხრივი (სომხეთისა და აზერბაიჯანის) ნება სჭირდება, მაგრამ შეთანხმებაში არაა გაწერილი, ამ პროცესს კოორდინაციას ვინ გაუწევს. აქ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მექანიზმიც – სომხეთის ტერიტორიაზე შესული აზერბაიჯანელი მოქალაქეების უსაფრთხოებას ვინ უზრუნველყოფს?“.

დაძაბულობის ახალი კერა კავკასიაში:

„აზერბაიჯანს და თურქეთს სურთ, ერთმანეთთან გეოგრაფიული საზღვარი ჰქონდეთ, სიუნიკის დერეფანი კი დაბრკოლებას ქმნის – შუაში სომხეთია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ამ დრომდე არ ჰქონია საფუძველი, სიუნიკის მიმართულებით ტერიტორიული პრეტენზიები განეცხადებინა, მაგრამ ახალი ხელშეკრულებით იქმნება სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სომხეთს აღარ აქვს სუვერენული უფლება, აზერბაიჯანისთვის სიუნიკის საზღვარი დაკეტოს. განვითარებული მოვლენების ფონზე სომხეთში აუცილებლად გაჩნდება რევანშისტული განწყობები და შეიძლება, მუდმივად იყოს ცდუნება, აზერბაიჯანს სიუნიკი დაუკეტონ, აზერბაიჯანს კი, პირველად ისტორიაში, ექნება სამართლებრივი საფუძველი, დერეფანი ძალის გამოყენებით დაიკავოს. არ ვამბობ, რომ ეს უახლოესი მომავლის პერსპექტივაა, მაგრამ შეთანხმების შესაბამისი პუნქტით კონფლიქტის ახალი კერის გაჩენის შესაძლებლობა იქმნება – ისტორია ხანგრძლივია და არ ვიცით, ვის როდის დასჭირდება ამ მექანიზმის ამოქმედება“,– განმარტავს კობახიძე.

გამოსავლის გზები საქართველოსთვის:

კობახიძის აზრით, საქართველოს სამანევრო სივრცე ძალიან შეზღუდული აქვს, თუმცა ხშირად კრიზისი შესაძლებლობებსაც აჩენს და მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის საქართველოს ნიადაგი მომზადებული ჰქონდეს.

რეგიონში რუსეთი ძლიერდება და დასავლეთს „ფეხს უკვეთს“ და თუ აშშ–ს სურს, რეგიონში საყრდენი ჰქონდეს, ერთადერთ მკაფიო პროდასავლურ ქვეყნად საქართველო რჩება, – ეს არის მიმართულება, რომელზეც, კობახიძის აზრით, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ქართული მხარე უნდა აქცენტირდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსება მოითხოვოს.

„ეს უნდა აეწყოს დაახლოებით იმავე მოდელზე, როგორც სამხრეთ კორეაში. ფაქტია, რომ ჯერ–ჯერობით საქართველოს ნატო–სკენ გზა არ აქვს და ეს კონფლიქტი ამ გზას კიდევ უფრო კეტავს. მაგრამ ისტორიასა და თანამედროვე პოლიტიკაშიც არსებობს მექანიზმები, რომ აშშ–მა ორმხრივ ფორმატში აიღოს საქართველოს დაცვის ვალდებულება და აქ საკუთარი ჯარები განალაგოს. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ თუ არ დავიწყებთ მოძრაობას, ფონს ვერ გავალთ. ეს შესაძლოა, 2–3 წელიწარში არ მოხდეს, მაგრამ არ ვიცით, საერთაშორისო პოლიტიკაში რა ფანჯრები გამოჩნდება და თუ ასეთი ფანჯარა გაჩნდა, ნიადაგი მომზადებული უნდა გვქონდეს – საქართველოს საგარეო პოლიტიკის #1 ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს. ყოველთვის ხდება, რომ მსოფლიო პოლიტიკაში გარკვეული ძვრები პატარა ქვეყნებისთვის შესაძლებლობებს უცაბედად აჩენს“.

პროაქტიური პოლიტიკის მოლოდინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში:

კობახიძე სახელისუფლებო გუნდთან მიმართებაში პროპუტინისტური განწყობების შესახებ რიგ კრიტიკოსთა რადიკალურ მოსაზრებებს არ იზიარებს, თუმცა «ქართული ოცნების» მიერ პროაქტიური პოლიტიკის წარმოებას არ ელის.

„ბოლო რვა წელია, რუსეთის „დაშოშმინების“ რეჟიმში ვართ, რომ თან პროდასავლურები ვიყოთ, სამიტებს არ გამოვაკლდეთ, თან სერიოზულზე არაფერზე გამოვაცხადოთ პრეტენზია. ამ პოლიტიკასაც აქვს თავისი ლოგიკა, მაგრამ ეს პოლიტიკა, ბუნებვივია, საქართველოს ამერიკულ ბაზებს ვერ მოუტანს“.

ამერიკული ბაზის პერსპექტივა კიდევ ერთხელ ხდის აქტუალურს ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს.

„რაც წამიკითხავს, იქიდან გამომდინარე ვმსჯელობ, რომ ამერიკული ბაზების ლოჯისტიკა უნდა გადიოდეს ღრმაწყლოვან პორტზე და ასეთი პორტი შეიძლებოდა, ყოფილიყო ანაკლია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო ტვირთებისთვის. არის საუბრები, რომ ნოვოსიბირსკში ალტერნატიული ღრმაწყლოვანი პორტი შენდება და რუსეთს არ სურს, კონკურენტი საქართველო იყოს. გვახსოვს ისტორიიდან, როდესაც შევარდნაძეზე განხორციელდა ტერაქტი – მისგან ნავთობსადენის გაჩერებას მოითხოვდნენ, მაგრამ შევარდნაძე არ გაჩერდა. მე შევარდნაძის აპოლოგეტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუნდაც საკუთარი სიცოცხლის და უსაფრთხოების ფასად საქართველოს პრეზიდენტმა ამ ქვეყანას მისცა ფუნქცია, რომელზედაც ჩვენ დღესაც ვდგავართ. ამდენად, მსგავსი გადაწყვეტილებები რისკის გარეშე არ მიიღება და ვფიქრობ, არც ხელის აღების ფუფუნება გვაქვს“.

აშშ–ის პოზიცია:

„რა სახის მოქმედებებისთვის იქნება მზად აშშ, მათ შორის – რეგიონში რუსეთის გავლენის შესასუსტებლად, ეს კიდევ უფრო უნდა გამოჩნდეს. აშშ შიდა პოლიტიკის გამო ბევრად უფრო დასუსტებულია, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ. უნდა დაველოდოთ, როგორ დალაგდება პრიორიტეტები. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო და კავკასია აშშ–ის ახალი ადმინისტრაციისთვის #1 საკითხი არ იქნება, მაგრამ რამდენად მოიცლის, რამდენი ძალა ექნება - უნდა გამოჩნდეს“.

მაინც ვინ მოიგო ომი?

კობახიძე ასკვნის, რომ ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა რუსეთი, ალიევის რეჟიმი (და არა აზერბაიჯანული სახელმწიფო) და ნაწილობრივ თურქეთიც:

„თუ ჩავხედავთ ხელშეკრულებას, იქ თურქეთი ფაქტობრივად, ნახსენები არც არის. მართალია, რუსებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტებმა ალიევმა და ერდოღანმა განაცხადეს, რომ ყარაბაღის საკონტროლო ჯგუფში თურქეთიც იქნება ჩართული, ალბათ, ასეც მოხდება. ეს კავკასიაში ერთგვარი შემოღწევაა და ამით თურქეთმა თავისი წილი დაიჭირა კავკასიურ პოლიტიკაში – ეს გარკვეული, მცირე დონით წარმატებაა მისთვის. თუმცა რუსეთს არც არაფერი დაუკარგავს: თუ საკონტროლო ჯგუფში წარმოდგენილები იქნებიან რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი, ეს ნიშნავს, რომ თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის მხარეს დაიჭერს, ხოლო სომხეთი მუდმივად იძულებული იქნება, უზრუნველყოს რუსეთის კეთილგანწყობა, რათა საკონტროლო ჯგუფში მარტო არ დარჩეს. მეორეს მხრივ, როგორც 1920 წელს მოხდა შეთანხმება თურქეთსა და რუსეთს შორის, იმდაგვარი ფლირტის მომსწრენი ვართ ამჟამადაც: გეოპოლიტიკურად ისინი მეტოქეები არიან, ცილობა აქვთ მთელ რიგ რეგიონებზე გავლენისთვის, მათ შორის – კავკასიაში, სირიაში, ლიბიაში და ა.შ, თუმცა მეორეს მხრივ, ორივე რეჟიმი სისტემურად უპირისპირდება დასავლურ სისტემას და ეს მათ, გეოპოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, თანამშრომლობისა და მოკავშირეობისკენ უბიძგებთ. შესაბამისად. ისინჯი მეტ-ნაკლები ქიშპობით თანამშრომლობენ კიდეც. ამრიგად, ნაკლებ, ვიდრე რუსეთმა, მაგრამ თურქეთმაც თავისი მიზნების ნაწილი მაინც აღასრულა“.

კობახიძე არ ფიქრობს, რომ ყარაბაღის მეორე ომიდან აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო, გამარჯვებული გამოვიდა:

„მიუხედავად ტერიტორიების დაკავებისა, აზერბაიჯანი საკუთარ თავზე სუვერენიტეტის დიდ ნაწილს კარგავს, რადგან მთიან ყარაბაღში რუსეთი პირდაპირ არბიტრად შემოჰყავს და რუსეთი გაცილებით უფრო ძლიერი იქნება აზერბაიჯანის კონტროლისას, ვიდრე აქამდე იყო. მაგრამ უშუალოდ ალიევის რეჟიმი რუსეთთან ერთად ყველაზე მეტად გამარჯვებულია: გამარჯვების რიტორიკაზე დადგება რეჟიმი, თაობებს გაზრდიან ჰეროიზმზე და შეეცდებიან, ამ რიტორიკით რეჟიმი მომავალი ათწლეულების მანძილზე შენარჩუნდეს. არადა, მარცხის შემთხვევაში რეჟიმს სრული კოლაფსი ელოდა“.

რაც შეეხება სომხეთს, ის, კობახიძის შეფასებით, ცალსახად დამარცხებულია:

„სომხეთის პროდასავლური პოლიტიკისთვის ყველა სამანევრო სივრცე მოისპო: თუ სომხეთი „ურჩობას“ განაგრძობს, ის საკონტროლო ჯგუფში აზერბაიჯანისა და თურქეთის პირისპირ მარტო დარჩება; რუსეთი ალბათ, კვლავ გაუხსნის გზას მორიგ აზერბაიჯანულ აგრესიას სომხეთის მიმართულებით. ამდენად, სომხეთი ბორკილებდადებულია და ვფიქრობ, მომავალ კვირებში, მაქსიმუმ, თვეებში ფაშინიანის ხელისუფლება არსებობას უბრალოდ ვეღარ შეძლებს“.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, "შეუძლებელია, სომხებმა ვერ დაინახონ, რეალურად რა მოხდა, თუმცა ამჟამად მანევრირების შესაძლებლობა არ აქვთ". აქედან გამომდინარე, მისი პროგნოზით, სადღეისოდ ქვეყნის ხელისუფლებაში მკვეთრად პრორუსული ძალები ვერ მოექცევიან, თუმცა პროცესები განვითარდება ქართული ანალოგიით – მოვლენ „პატრიოტები“ და „მიუმხრობლები“ პრორუსული პოლიტიკით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები