მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგი – პროცესი დაიძრა
12/11/2020 14:32:24 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტკური ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დიალოგი დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთის არგუმენტები კონსტრუქციულ გარემოში მოისმინეს და შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება.
„ჩვენი დიდი სურვილია, დავაახლოვოთ პოზიციები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გარკვეულწილად ამას ემსახურებოდა. გავცვალეთ არგუმენტები, ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ. მინდა, აღვნინო აშშ–ის და ევროკავირის ელჩების მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა: მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს, რომ ეს პოლიტკიკური დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია.
რაც შეეხება პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია, ჩვენი პოზიცია მკაფიოა – „მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული“. გვაქვს გახსნილი და კონსტრუქციული პოზიცია – გვინდა, მივიდეთ იმ პოზიციასთან, როდესაც ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას. საზოგადოებას მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმება მოხდებოდა. მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“,– განაცხადა თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მხარეების პოზიციებში მნიშვნელოვანი სხვაობაა, რაც პროცესს ართულებს და იმედს გამოთქვამს, ნაბიჯ–ნაბიჯ პოზიციები დაახლოვდება.
მისივე თქმით, შეხვედრები გაგრძელდება, ოპოზიცია ეცდება კომპრომისის მოძებნას, თუმცა ეს დამოკიდებულია, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილი კრიზისის სიღრმის გააზრებას.
ბაქრაძემ აღნიშნა ისიც, რომ კომპტომისის სივრცეები არსებობს და გამოთქვა იმედი, რომ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ:
„არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის მაღალი ალბათობა არსებობს. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა. ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით, ამ კრიზისში დარჩენა სჯობს და ერთპარტიული პარლამენტი, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება“.
„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, არის სივრცე ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც ვითარებას განმუხტავს.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მხარეებს ვითარების სირთულე ესმით:
„კონსესუსისთვის სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხდებოდით და არც მომდევნო შეხვედრას დავთქვამდით. არის სივრცე, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება“.
მისივე თქმით, შეხვედრაზე თპარლამენტის თავმჯდომარე გარკვეული შეთავაზებით მივიდა:
"თალაკვაძეს ჰქონდა თავის არგუმენტები, რომ არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა და გამოსავალის მსგავსი, გარკვეული რაღაც შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, წესი არ არის დახურულ კარს მირმა მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა, როცა შეხვედრა არ არის დასრულებული. პროცესი რომ დაიძრა და მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს ეს არის კარგი. ჩვენ, ჩვენი მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნების შესახებ ვუთხარით. პრინციპში, ჩვენი მოთხოვნა ერთსულოვანი იყო. დანარჩენი,მომდევნო რაუნდზე უფრო მკაფიო იქნება“
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ ვინაიდან მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებას ელის და იმედს იტოვებს, რომ ასეთი სივრცე არსებობს:
„ამ ეტაპისთვის საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს: ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით, აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა, არ ვიცით კონკრეტულად როდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი ამ შემთხვევაში. ჩვენ ის დავაფიქსირეთ, რასაც საჯაროდ ვამბობდით, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება და საარჩევნო პროცედურების ცვლილება, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის ბოიკოტი და რაღა თქმა უნდა, ეს არის აქციების გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, 14 ნოემბრის აქცია კვლავ ძალაში რჩება, კომპრომისებზე საუბარი კი ჯერ ნაადრევია:
„პირდაპირ გეტყვით, დღეს კომპრომისთან დაკავშირებით საუბარი ძალიან რთულია, ჩემი აზრით, ნაადრევია, არასწორი იქნება. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მყარად ვართ ჩვენს პოზიციაზე. ჯერ პირველი შეხვედრა იყო, გავცვალეთ პოზიციები, მათ შორის მტკიცებულებები, სხვადასხვა საკითხები. მადლობა ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს, ვინც ეს შესაძლებლობა მოგვცა“.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს:
"დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, კარგი იქნება, თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება ეს შეხვედრები".
„გორჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, მხარეები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა განიმუხტოს და ამისთვის რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმებაა მისაღწევი
„ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა, პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ცოტა ხნის წინ და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია - ისინი როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. ეს იყო და ეს ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით არ ვიცით.
ჩვენი ფასილიტატორების სურვილი, ისევე როგორც ჩვენი ყველასი და ატმოსფერო არის ასეთი, რომ ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი".
შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა ენმ–ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.


