
ქართული მხარე პუტინისა და ბჟანიას შეხვედრის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
12/11/2020 15:36:42 კონფლიქტები, პოლიტიკა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას შეხვედრის გამო.
მისი შეფასებით, ეს ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულებელეყოფას, რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი.
ქართულმა მხარე ასევე შეშფოთებულია იმით, რომ მიმდინარე წელს ვერ გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდი და იმედი გამოთქვა, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს ჩატარდება.
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.
ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის – საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის.
ცნობისთვის: ბჟანიასა და პუტინის შეხვედრა სოჭში 12 ნოემბერს შედგა.