„რაიონულმა სასამართლოებმა სარჩელების 92.8%, ხოლო სააპელაციო სასამართლოებმა 100% არ დაგვიკმაყოფილეს“
12/11/2020 17:24:02 პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვა, თუმცა სასამართლოებმა გასაჩივრებული 42 უბნიდან 39 უბნის შემთხვევაში მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს,– იუწყება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
„სასამართლომ საოლქო კომისიებს ბიულეტენების თავიდან გადათვლა მხოლოდ 3 შემთხვევაში დაავალა: ხელვაჩაურის 30.82.39 უბნის შედეგების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთით მეტი ბიულეტენი ჰქონდა მიკუთვნებული „ქართულ ოცნებას“. ბათუმის 28.79.85 უბანზე აღმოჩნდა, რომ „გირჩს“ 36-ის ნაცვლად 4 ხმა ჰქონდა მიღებული.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა გადაეთვალა 13.22.65 უბანი, სადაც ერთი პირის მიერ მრავალჯერ ხმის მიცემის მტკიცებულება არსებობდა და სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უბნის შედეგების უპირობო გაუქმებას ითხოვდა, რადგან გადათვლით შეუძლებელია აღმოიფხვრას ასეთი ტიპის გაყალბების შედეგები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციაში გასაჩივრდა და საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა“,– აცხადებენ ორგანიზაციაში.
დამატებითი ინფორმაცია საარჩევნო დავებზე იხილეთ – აქ


